”ცენტრ პოინტის” სამეთვალუყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც დამოკიდებულია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც რჩეულიშვილებმა პროკურატურას უნდა შესთავაზონ.
როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდებიან ”ერთი ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას”, რომელიც ”ცენტრ პოინტის” ქონებას შეიძენს, მიღებული თანხით კი იგეგმება რამდენიმე ობიექტის დასრულება.
”საპროცესო შეთანხმებას ერთი, ბოლო დეტალი აკლია, ველოდებით ადამიანის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც, ჯერ კიდევ მამაჩემი რომ ცოცხალი იყო, მაშინ მოხდა შეთანხმება. დაახლოებით ათ დღეში საბოლოო ხელშეკრულება დაიდება. ამ ერთ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული მთლიანი, საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება და მისი მიწოდება პროკურატურისთვის. ხელშეკრულება გულისხმობს ამ ადამიანზე გარკვეული ქონების გასხვისებას და რამდენიმე დარჩენილი ობიექტის დამთავრებას”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, პირი, რომლის საქართველოში დაბრუნებასაც ელოდებიან, ბიზნესმენია.
იხილეთ ვიდეო: რას ამბობს გუკა რჩეულიშვილი საპროცესო გარიგებაზე და რა პოზიცია აქვს პროკურორს?