დღეს ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და გიგა ბოკერიას ლიბერტარიანული კლანის ლუსტრირება, - ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფარგლებში განვითარებული მოვლენები.
მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ დიდი ხნით ადრე საუბრობდა იმ გარიგებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის შედგა.
„ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისათვის ახალი არ იყო, თუმცა დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას საერთო ინტერესები გააჩნიათ, ხალხის პასუხიც შესაბამისი და ადეკვატური გახლდათ. იმ უმნიშვნელოვანესი თემების უგულვებელყოფა, რომლებიც კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და იმ მახინჯი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გადაუწყვეტია, ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.