თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით, გურჯაანის რაიონის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამედიცინო უნივერისტეტიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა 300-ზე მეტი პაციენტის უფასო სამედიცინო შემოწმება განახორციელეს. პაციენტებს საჭიროებისამებრ დაენიშნათ და ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია და რენტგენოგრაფია).
აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ექიმები: შორენა შონია (თერაპევტი ), გიორგი ბურჯანაძე (კარდიოლოგი), ქეთევან მაჭავარიანი (ალერგოლოგი), ომარ სამუშია (ნევროლოგი), ზურაბ ზედანია (გასტროენტეროლოგი), ნონა კაკაურიძე (რევმატოლოგი), მარინა გაგოშიძე (პედიატრი), ხატია ხუციშვილი (ოფთალმოლოგი), ზაზა მაჭავარიანი (ყბა-სახის ქირურგი), ვალერი კვახაჯელიძე (უროლოგი), ლევან ჩიკვატია (ტრავმატოლოგი), ვადიმ ავდიანი (სისხლძარღვთა ქირურგი), ბესო ჯაფარიძე (მეან-გინეკოლოგი), გელა ორველაშვილი (ზოგადი ქირურგი), გიორგი მამულაშვილი (რადიოლოგი), მაკა მარტინენკო (ექოსკოპისტი), ლიკა კაპანაძე (ლაბორანტი) და ნინო კალაძე (ლაბორანტი) .
ღონისძიებას დაესწრო თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე, კლინიკური დირექტორი ციცინო გუგავა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნანა ჯიოევა.
სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია ტრადიციული ხასიათისაა და პერმანენტულად ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.