საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გრძელდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 23-24 მაისს, 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ამჯერად, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას შეეძლება.
”ვეფხისტყაოსნის” გადაწერის ცერემონია 23 აპრილს, 11:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დაიწყება, 15:00 საათზე კი ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაგრძელდება. ამავე დღეს, 19:00 საათზე, ”ვეფხისტყაოსანს” გადაწერენ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
24 აპრილს, 14:00 საათზე, ვეფხისტყაოსნის გადაწერის ცერემონია გაიმართება ზუგდიდის დადიანების სასახლეში.
”პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება”, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში მონაწილეობა უკვე მიიღეს 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამშობიარო სახლ „ჰერას“, ეროვნული ბიბლიოთეკის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ასევე „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები გორსა და მცხეთაში გადაწერეს.