არც ოთარ ფარცხალაძეს, არც ირაკლი შოთაძეს და არც მათ დამქაშებს არ გამოუვათ, რომ ოთარ ფარცხალაძე წარმოაჩინონ პატიოსან კაცად, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილ 2 თვეში ყველაფერს გააკეთებს, რომ მერიასა და ფარცხალაძეს შორის გაფორმებულ გარიგებასთან დაკავშირებულ დასკვნაზე მუშაობა დასრულდეს.
"არც ოთარ ფარცხალაძეს, არც ირაკლი შოთაძეს და არც მათ დამქაშებს არ გამოუვათ, რომ ოთარ ფარცხალაძე წარმოაჩინონ პატიოსან კაცად. კიდევ თუ რამე გაქვთ სათქმელი, კიდევ თუ ნეიტრალური მოწმეები გყავთ, გამოიყვანეთ, არაფრის მეშინია. არ ვდებ თავს წმინდანობაზე და არც ერის ლიდერობას ვაპირებ. არ მაქვს პრობლემა, ისაუბრონ ჩემ ცუდ მხარეებზე. ჩემთვის მთავარი არის, რომ რასაც აკეთებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეს საქმე მივიდეს ბოლომდე, ამ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგეს, როგორც კორუფციაში ჩართული ადამიანის, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს. დარჩენილ 2 თვეში გავაკეთებ ყველაფერს, რომ რიგით აუდიტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, აკეთოს თავის საქმე და არავის ჰქონდეს უფლება თავდასხმა განახორციელოს და შემდეგ ეს შანტაჟით და მუქარით გადაფარონ. ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ აუდიტორებმა არაფერი დაწერონ განსაკუთრებით ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ფარცხალაძის მსგავსი გავლენებით სარგებლობს. რა ვიდეოებიც არ უნდა გქონდეთ, რა ნეიტრალური მოწმეებიც არ უნდა გყავდეთ, მე იმ დაწყებულ საქმიანობას, რომელიც ეხება ოთარ ფარცხალაძის კორუფციულ საქმიანობას, მივიყვან ბოლომდე", - განაცხადა თორდიამ.
მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანო და ოთარ ფარცხალაძის მხარე ერთ ენაზე საუბრობენ და ერთი ტერმინოლოგია აქვთ.
"აქვეყნებენ ვიდეოჩანაწერებს, სადაც შსს იძახის, რომ ხელი პირველად მე დავარტყი, თუმცა თავისივე გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ მირტყავს ხელს პირველად მიხეილ ჩოხელი თუ ოთარ ფარცხალაძე. ვიდეოები, რომელიც წარმოადგინეს, არის გადაღებული შორიდან, რათა არ მოხდეს იდენტიფიცირება, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი და როგორ გაგრძელდა, რათა ხალხმა ნახოს, რამდენად ადეკვატური და პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. მეორე ვიდეო არის ყველა რაკურსით გადაღებული, კარგად დამონტაჟებული, კარგად დამუშავებული, რათა წარმომაჩინონ ყველაზე ცუდი ფორმით, რათა დისკრედიტაცია მოხდეს ჩემი, წარმომაჩინონ, როგორც დებოშიორი პირი, რომელიც თავს ესხმის ადამიანს.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. ვინმეს ახსოვს მერიაში რა კორუფციული გარიგება მოხდა ან რატომ დამესხა ოთარ ფარცხალაძე? გვახსოვს მხოლოდ ის, თუ რა მოხდა 2016 წლის 24 დეკემბერს. ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, რომელიც არ არის კავშირში ზემოთაღნიშნულ თემებთან, მაგრამ ამ ადამიანებმა დაუკავშირეს. კიდევ ერთხელ ცალკე მსჯელობის საგანია, საიდან ჰქონდა ხელმისაწვდომობა ვიდეოსთან იმ პირს, რომელიც საერთოდ თანამშრომელიც არ იყო ამ კაფე-ბარის და ამ ადამიანთან საერთოდ კონფლიქტიც არ მომსვლია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანზე ზეწოლა ხორციელდება და მას ბოდიშს ვუხდი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ",- განაცხადა თორდიამ.