სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სუს-დან აცნობეს, ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა და მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
”სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ”, - აცხადებენ სუს-ში.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.