პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა

პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც მიმდინარე წლის 25 მაისს დამტკიცდა და გამოქვეყნდა.

„ეთიკის ახალი კოდექსი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჰყოფს და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. ეთიკის ახალ კოდექსში შესული ცვლილებებით პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელის მიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე მის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში მოხდა პროექტის გაცნობა პროკურატურის თანამშრომლებისთვის და კოდექსის შემუშავებისას მათი აზრი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. კოდექსის პროექტმა ასევე გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით.

ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს გაწეული მნიშვნელოვანი საექსპერტო მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის