იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები დაასრულა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე: (იმირის გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები დაასრულა.

იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე, დღეს გასვლითი ტური გაიმართა, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგებთან, ენდრიუ გრეჰემთან და სტეფანე ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ძეგლის მნიშვნელობაზე, განიხილეს მუზეუმის კონცეფციის საკითხები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’ მიმდინარეობს, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორი - დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

ექსპედიციის მონაწილეების ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს