საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, ქალაქ ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიებას ქართული მხრიდან 40-მდე ბიზნესმენი და სომხეთის მხრიდან 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ბიზნესფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა და სოხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მარტინ სარგსიანმა გახსნეს.
ღონისძიების პირველ ნაწილში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შემდეგ კი გაიმართა პრეზენტაციები ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ გაიმართა ბიზნესის 160 ორმხრივი შეხვედრა. ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს-წრეები რამდენიმე სექტორიდან. მათ შორის: მშენებლობა, უძრავი ქონება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ქაღალდის პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტიკა, ლაბორატორიები, დისტრიბუცია, კონსალტინგი. ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები სწორედ სფეროების მიხედვით დაიგეგმა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც 24 საათის განმავლობაში კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან იმ შემთხვევებისთვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რომელიმე სომხურ კომპანიას საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში, ან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, მხარეებს შორის დაიწყო მუშაობა ერთობლივ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ-სომხური კომპანიების ერთობლივი წარმოებებისა და ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში წვდომის გახსნას მესამე ბაზრებზე.