ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2017

მამუკა არეშიძე - "ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო..."

რუსეთი ე.წ. საზღვრის ბანერით მალე ქარელის 2 სოფელსა და ყორნისში მიიტაცებს მიწას

რუსული კაპიტალის "საცეცები" საქართველოში

* * *

მამუკა არეშიძე - "ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო..."

"მცოცავი ოკუპაცია" 2008 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მუდმივ პროცესად იქცა. ცხადზე ცხადია, ეს, უპირველესად, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. ამ პროცესს დღევანდელი გეოპოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალას იკრებს რუსული სამხედრო წვრთნების - "კავკასია 2017"-ისთვის მზადება, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში ტარდება. ამასობაში საქართველო მონაწილეობდა ორ სამხედრო წვრთნაში, რომლებიც ნატოსა და რეგიონული პარტნიორობის ეგიდით ჩატარდა - ვგულისხმობ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებს, რაც კრემლს არ ესიამოვნა...", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო..." / "ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის... და ხვალ რა იქნება, ვინ იცის?"

"თან, ამჯერად ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრის წინ. გაგახსენებთ, ამ პერიოდში ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები რუსეთმა სხვადასხვა მიმართულებით გადადგა, მათ შორის - უკრაინასა და სირიაშიც. რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ... რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, გაუთავებლად ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, უცხოელი პარტნიორები უფრო მეტად ჩარიოს ამ საქმეში და ა.შ., მაგრამ ობიექტურად თუ გავაანალიზებთ ვითარებას, დავინახავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, რათა რუსეთი ეიძულებინა, შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული დოკუმენტი - სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. ამ დოკუმენტზე ხელმომწერები ჩვენ კი არ ვართ და თუ დასავლეთს უნდა რუსეთის დასჯა, რასაც ეკონომიკური სანქციებით მშვენივრად ახერხებს, მაშინ ამ შეთანხმების შესრულებაც უნდა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრად დასაჯოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე მუდმივად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება - ეს არის ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდაცია, რასაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მიაქცევდით, ალბათ, ყურადღებას, რომ ბოლო ხანს თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ოკუპაციის პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს უარყოფითი მოვლენაა, რადგან თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერასდროს აღვადგენთ... ამ პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის არც კარასინი-აბაშიძის შეხვედრები და არც - ჟენევის ფორმატი. უნდა შეიქმნას სხვადასხვა ტიპისა და დონის მრავალარხიანი მოლაპარაკებების ფორმატი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვფიქრობ, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იყო უფრო გაცნობითი. ტრამპი არის ბიზნესმენი, ის პოტენციურ მეტოქეს თუ პარტნიორს ბიზნესმენის თვალით აფასებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო მოთელვა. ყველა იმ თემაზე გამახვილდა ყურადღება, რომლებიც წინასწარ იყო ნავარაუდევი, ეს არის სირიის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის პრობლემები, ასევე - საერთაშორისო ეკონომიკური პროცესები... მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორსაათნახევარი ილაპარაკეს, ჩვენ ძალების დემონსტრირება არ გვინახავს, ეს უფრო ხასიათების მოსინჯვა იყო. სხვათა შორის, მათ ძალის დემონსტრირება ამ შეხვედრამდე სცადეს: პუტინმა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის - საქართველოშიც დესტრუქციული გააქტიურებით, ტრამპმა კი - შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთში, მკაცრი განცხადებებით. ამ შეხვედრის ერთადერთი შედეგი სამხრეთ სირიაში გავლენის ზონების თაობაზე მიღწეული შეთანხმებაა, რაზეც, როგორც ჩანს, მხარეები წინდაწინ იყვნენ შეთანხმებული. ეტყობა, არ სურდათ, მთლად უშედეგოდ წარმოჩენილიყო პრეზიდენტების პირველი შეხვედრა", - განმარტავს ექსპერტი.

"ამგვარი შეხვედრების წინ ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე - არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო... ეს ლაპარაკი რას ჰგავს, იცით? ადამიანი არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და ეშინია, პატრონმა სხვაში არ გაცვალოს. სულ ამას ვამბობ, ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებზე დაყრდნობით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. არ შეიძლება, სულ სხვებს შევყურებდეთ. რასაკვირველია, ზურგს უკან უნდა ვგრძნობდეთ ძალას, მაგრამ სულ ამ ძალის იმედად არ უნდა ვიყოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება - ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ამაში, ტრამპი იქნება თუ სხვა ვინმე, შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ვერ იტყვის. საჭიროა ქვეყნის შიგნით მუშაობა, რასაც სახელისუფლებო კონსოლიდაცია სჭირდება! მთავარი გზავნილები მხარეებმა, როგორც უკვე ვთქვი, შეხვედრამდე გააკეთეს. თუ ამ გზავნილებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ აშშ-ს ხელისუფლება სტრატეგიულ კომპრომისზე - არა, მაგრამ ტაქტიკური კომპრომისების შესაძლებლობაზე ფიქრობს. რუსეთის ხელისუფლების მდგომარეობა კი საკმაოდ რთულია და ის დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე, რათა კრემლმა შემდგომ მოახდინოს რეაგირება. დაწესებულმა სანქციებმა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უკვე ისეთი დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომ ის აშშ-სთან ურთიერთობაში პროცესების მოკარნახედ ვერ გამოდგება", - დაასკვნის არეშიძე.

"ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმ უკონტროლობით, რაც საქართველოში შემოსული უცხოელების აქ დამკვიდრებას უკავშირდება. წინააღმდეგი ვარ, რომ უცხოელების საქართველოში შემოსვლა კანონით შეიზღუდოს, მაგრამ კონტროლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, ძლიერი უნდა იყოს. თუ პოლონეთის ან უნგრეთის ხელისუფლებას შეუძლია მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გატარება, რატომ არ შეუძლია იგივე საქართველოს... ოღონდ დეპორტირებული ადამიანი არ უნდა აღმოჩნდეს იმ დღეში, როგორშიც ის ორი ინდოელი ჩავარდა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. თუ საჭიროა, არ უნდა შემოუშვა, მაგრამ დეპორტირებულს როგორ მოექცევიან - ეს უკვე სხვა საქმეა - არ შეიძლება შეურაცხმყოფლად, ღირსების შემლახავად მოქცევა, ისე, როგორც ხშირად ებრაელი მესაზღვრეები ექცევიან ქართველებს", - ამბობს რესპონდენტი.

"ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის. გეგონება, სხვა ქვეყანაში ხარ. არ მინდა, საქართველოში ბევრი ადგილი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში...მე ჩამოსულების მოწინააღმდეგე კი არა ვარ - თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, აზიისა და ევროპის გზაგასაყარი, მაგრამ თბილისში არ მინდა მოლენბეკი. მოგეხსენებათ, ეს არის ბრიუსელის გარეუბანი, რომელიც ტერორიზმის ბუდედ იქცა, სადაც, პარიზის ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავები, არმიასთან ერთად, ძლივს შევიდნენ სპეცოპერაციის ჩასატარებლად. მართალია, ასეთი პრობლემა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, დროთა განმავლობაში რა იქნება... ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის და ხვალ რა იქნება, ვინ იცის...", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - "ბოლო ხანს ხშირად ახსენებთ იდეოლოგიური ტერორის საფრთხეს..." - პასუხობს:

"ჩემი პროფესიის წყალობით, ვიცი, რა ხდება საქართველოში. აქ უკვე არსებობს რამდენიმე ათეული რელიგიურ-ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც კონკრეტული უცხოური პოლიტიკური თუ რელიგიური ძალის დაკვეთას ასრულებენ. საქართველოში ხდება ძალიან უცნაური რამ, მაგალითად, ჩვენთან ორი თურქული ჯგუფი ებრძვის ერთმანეთს. ესენი არიან გიულენისტები და ერდოღანისტები. ეს ბრძოლა, კარგა ხანია, გრძელდება და ამას ქართველი საზოგადოება მანამდე ვერ ხედავდა, ვიდრე შაჰინის სკოლა არ დახურეს და დემირელის სკოლის ერთ-ერთი მენეჯერი არ დააპატიმრეს. გარდა ამისა, შიიტური ორგანიზაციებიც არის, რომლებიც გავლენისთვის ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე ებრძვიან. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ გარდა ერთმანეთთან დაპირისპირებისა, ეს ძალები აქტიურად და ეფექტიანად მუშაობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით - აზერბაიჯანელებთან... ჩვენი სპეცსამსახურები სწორი მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, მაგრამ საქართველოს მდგომარეობის გამო, მათი ბრძოლა ხმალამოღებული ვერ იქნება. გარდა ამისა, უკეთესი მუშაობისთვის წლების გამოცდილებაა საჭირო".

"კონსტიტუციონალისტი არ გახლავართ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ვითარება არაპროფესიონალიზმისა და ერუდიციის დეფიციტის გამო ისე არია, ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამას ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, ეს, სახელისუფლებო ჯგუფის ერთი ნაწილის დიდი შეცდომის ბრალია. გამაოგნებელია ბუკიკიოს განცხადება - სხვა დოკუმენტი გვაჩვენეს, დასკვნა დაგვაწერინეს და მერე სხვა მიიღესო... ამაზე კომენტარიც ზედმეტია. შეიქმნა უკიდურესად უხერხული სიტუაცია, რაც იმის ბრალია, გამოუცდელ და ამბიციურ ადამიანებს რომ შეყრიან ხოლმე პარლამენტში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ანდობენ. ასეა თუ ისე, როცა ქვეყნის პრესტიჟის პრობლემა დგას, პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი მეათეხარისხოვანია, ამიტომ კეთილი ინებონ და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საყვედურის თქმის საფუძველი არ ჰქონდეთ. ვიღაც ორ-სამ ვითომ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ქვეყნის იმიჯს ასეთი საფრთხე შეუქმნას", - დასძენს მამუკა არეშიძე.

რუსეთი ე.წ. საზღვრის ბანერით მალე ქარელის 2 სოფელსა და ყორნისში მიიტაცებს მიწას

"შიდა ქართლში რუსული მცოცავი ოკუპაციის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი, სოფელ ბერშუეთის შემდეგ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ქართულ სოფელში გაუყოფს ადგილობრივებს საკუთარ სახნავ-სათეს მიწებსა და ბაღებს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მხრიდან უკვე დაანონსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის, ცერონისისა და თამარაშენის მიწების კიდევ მიტაცება. ასევე საუბარია დაბა ყორნისის მიმართულებაზეც და ამ მავთულხლართებსა და მწვანე ბანერების აღმართვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინი "პროცესის ნორმალურ განვითარებად" აფასებს და პირიქით, უკმაყოფილოა იმ ქართველებით, ვინც ე.წ. საზღვართან ამ ბანერებს აპროტესტებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ჩვენ 500 მეტრში ვართ და საქართველოს შუაზე გადავჭრით" / რუსეთი ე.წ. საზღვრის ბანერით მალე ქარელის 2 სოფელსა და ყორნისში მიიტაცებს ქართულ მიწას.

"ხდება ის, რომ საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლები. მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს", - ამის შესახებ კარასინმა გუშინ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ასევე თქვა, რომ პრაღის შეხვედრამდე გარკვეული ძალები სპეციალურად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ისინი, ვინც "რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგნი არიან" და ამიტომ ე.წ. საზღვარზე აქციებს აწყობენ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობას ეხება და ამ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეკითხვები ჟენევის ფორმატში უნდა დაისვას და არა - პრაღის შეხვედრებზე. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გორის სოფელ ბერშუეთში აღმართეს, ადგილობრივების 10 ჰექტარი სათიბი მიწა მიიტაცეს და 700 მეტრით გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი. ოფიციალურმა თბილისმა სტანდარტულად ღრმა შეშფოთება გამოხატა მცოცავი ოკუპაციის, "ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო". 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ კი რუსული მცოცავი ოკუპაციის საკითხზე პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა და ასევე დეტალურად გაწერილ ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება მოითხოვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ უცნობია, დაინიშნება თუ არა უშიშროების სხდომა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი შეხვდა და როგორც შეხვედრის შემდეგ დავით რექვიაშვილმა თქვა, კონსულტაცია გაიმართება პრეზიდენტთან და მარგველაშვილი გადაწყვეტს, მოიწვიოს თუ არა საგანგებო სხდომა. თავად "ქართული ოცნება" უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს და არასამთავრობოების ამ მოთხოვნას სპეკულაციას უწოდებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "უშიშროების საბჭო არ არის ის ადგილი, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს". ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსების გამო კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაც და პოლიტოლიგებიც. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ის, რაც მოხდა ბერშუეთში, ჯერ კიდევ 12 მაისს იყო ერგნეთში დაანონსებული. ინციდენტების პრევენციის კომისიის შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისი-ივლისიდან განახლდებოდა ბორდერიზაცია და ამ შეხვედრაზე მან სამი მიმართულებაც დაასახელა: ზნაურის თემის მიმართულება, ყორნისის მიმართულება და მესამე - გორის მუნიციპალიტეტი, ხელისუფლებამ კი ეს დამალა", - განაგრძობს გამოცემა.

"ორი თვეა, ამის შესახებ იცის ხელისუფლებამ და ხმა არ ამოუღია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორი უვიცი, მოუმზადებელი და მშიშარაა ყველა ასეთ მნიშვნელოვან ქმედებაზე. ახლა ამბობენ, ვიცოდით და ჟენევის ფორმატში დავაყენეთო. დავიღალეთ თქვენი ტყუილებით, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება და რატომ არ იყო უფრო ქმედუნარიანი ხელისუფლება?" - ამბობს ბარამიძე. შერიგების სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ერგნეთის შეხვედრაზე სანაკოევის მხრიდან დაანონსებული იყო ერთი ლოკაცია, ქარელის რაიონის წერონისისა და თამარაშენის სოფლებიდან საქონლის გადასვლა-გადმოსვლის პრობლემები დასახელდა მიზეზად - "ამაზე მაშინვე გაკეთდა განცხადებები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც მონაწილეობს ამ შეხვედრებზე და ისინიც ინფორმირებული იყვნენ. სხვა კონკრეტული ლოკაცია არ დასახელებულა. რაც შეეხება იმას, ველოდებით თუ არა კიდევ პროცესის გაგრძელებას, შეგვიძლია გითხრათ, რომ მავთულხლართებისა და ბანერების განთავსების პრევენციისთვის მუშაობა მუდმივად მიდის", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი უკმაყოფილოა ოფიციალური თბილისის რეაქციით" - დასძენს გამოცემა.

"სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი დღესაც ხელისუფლების მიერ კი არ არის ატეხილი, არამედ - საზოგადოების მიერ. ომს ვერ დაიწყებდნენ, მაგრამ მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ. პლუს, ყველა ტრიბუნა უნდა გამოგვეყენებინა ამ პრობლემატიკაზე სალაპარაკოდ. საინფორმაციო პოლიტიკა არ ტარდება და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ამით ბევრს ვაგებთ. ასევე აუცილებელია, საქართველომ გააძლიეროს საპოლიციო საქმიანობა საოკუპაციო ზოლის მთელ პერიმეტრზე, თუმცა ეს სისტემა 2012 წლიდან მოიშალა. არანაირი პოლიტიკა და ხედვა არ არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს ეს პროცესი და რა რეაგირება უნდა მოხდეს. სრული კატასტროფაა. რთულია დღეს იმის დადგენა, ხვალ კიდევ სად გაავლებენ მავთულხლართებს, მაგრამ საავტომობილო მაგისტრალთან სულ რაღაც 450 მეტრშია საოკუპაციო ჯარი - მაგისტრალთან ასე ახლოს ყოფნას რუსული მხარე პოლიტიკური წნეხისთვის იყენებს, რომ უფრო ლოიალური გაგვხადონ და რამე მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგათ, თუნდაც იმავე ნატო-ს მიმართულებით. ეს არის საფრთხობელა, რომ ჩვენ აგერ 500 მეტრში ვართ და საქართველოს შუაზე გადავჭრით", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ცქიტიშვილი.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილ მინისტრ პაატა დავითაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი უფრო გაემაგრებინა, 2012 წლის შედეგ პირიქით, ქართული ბლოკპოსტები საერთოდ მოიხსნა და ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა ე.წ. ბორდერიზაცია და ჩვენი მიწების უფრო და უფრო მიტაცება - "გამოვიდა ბატონი ზაქარეიშვილი და თქვა, ახლა ომს ხომ არ დავიწყებთ და სიტუაცია რომ არ დაიძაბოს, საგუშაგოებს მოვხსნითო. 2016 წელს ყველაფერი უკვე გადმოწეული იყო, მერე დააყენეს საგუშაგოები. ახლა საავტომობილო მაგისტრალთან 450 მეტრშია საგუშაგო. რეალურად, შესაძლოა, რუსმა ავტომატით ატეხოს სროლა, მოხვდეს სატრანზიტო თუ ჩვეულებრივ მანქანას და მთელი მაგისტრალი პარალიზებული გახდება. ამაზე ვერავის ვერ გამოეკიდები", - ამბობს დავითაია, რომლის თქმით, ამ დროს ჩვენ კი ერთმანეთს ტელედებატებში ვლანძღავთ და არაბებს ვუწყობთ მარშს, თორემ რუსების წინააღმდეგ არ ვაპირებთ არაფრის გაკეთებას", - წერს სტატიის ავტორი.

რუსული კაპიტალის "საცეცები" საქართველოში

"მსხვილ ბიზნესსა და სტრატეგიულ ობიექტებში კაპიტალის დაბანდების შემდეგ, რუსული ფული საქართველოში შედარებით მცირე, მაგრამ რენტაბელური სფეროებით დაინტერესდა. ტურიზმი, სასტუმრო სექტორი, სარესტორნო ბიზნესი - ბოლო დროს სულ უფრო მეტი კომპანია ფუძნდება საქართველოში რუსული კაპიტალითა და რუსეთის მოქალაქეების მიერ. აქვს თუ არა ფულს წარმომავლობა და არის თუ არა სარისკო რუსული კომპანიების მიერ საქართველოს ბაზრის "დაპყრობა"? - დღეს ეს კითხვები ხშირად ისმის. ბოლო 20 წელიწადში რუსული კაპიტალი მზარდი ტემპით იკიდებდა ფეხს საქართველოს ბაზარზე. ის წარმოდგენილია ენერგეტიკაში, წიაღისეულის მომპოვებელ, სამშენებლო და ტურისტულ სექტორებში", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით რუსული კაპიტალის "საცეცები".

"კვლევების თანახმად, რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანია "თელასის" 75%-ს და ჰესებს - ხრამჰეს 1-სა და ხრამჰეს 2-ს. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივის ტარიფების გაზრდაზე უარის გამო, ითხოვს ტარიფების გაზრდასა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდასაც. საქართველოს ენერგოსექტორში რუსული ფული დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი. რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძე ფლობს შპს "ენერგიას", რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი და შილდაჰესი. სხვათა შორის, მისი ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან დაბანდებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა. ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს რუსული სააქციო საზოგადოება "პილონის" ხელმძღვანელობას შეუდგა. "პილონი" სანქტ-პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებაზე მუშაობს და ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2012 წელს კომპანიის მორიგი პროექტის გახსნას რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს "რუსეთის დამსახურებული მშენებლის" წოდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია აგრეთვე ავანიჰესი, ალგეთიჰესი, სკურდიდიჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. გასულ წლამდე რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში იყო ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსი", თუმცა, შარშან ის იყიდა "ბიჯეო ჯგუფმა", რომლის შემადგენლობაში შედის "საქართველოს ბანკი". რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით ნავთობკომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები "არემჯი გოლდი" და "არემჯი კოპერი", მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი "ელმავალმშენებელი"ვითიბი ბანკი ჯორჯია", ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინი" და ბევრი სხვა კომპანია... ხშირ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების ფლობა არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში, გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით იდება, შესაბამისად, კომპანიების რეალური მფლობელების ვინაობა საჯარო განცხადებების საფუძველზე ხდება ცნობილი", - განაგრძობს გამოცემა.

"მაგალითად, "არემჯი გოლდი" და "არემჯი კოპერი" ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები არიან, რომელთა მფლობელია ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Rich Metals Group-ი. მისი მფლობელები კი რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი არიან. კავშირგაბმულობის კომპანია "მობიტელი" საქართველოში 2007 წელს "ბილაინის" ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრია და სამეთვალყურეო საბჭოს სამივე წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, თუმცა, "ბილაინის" მფლობელები ოფშორებში არიან დარეგისტრირებული... რაც შეეხება რუსულ ფულს ფინანსურ სექტორში, ამის მაგალითი "ვითიბი ბანკი ჯორჯიაა" - ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკი. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მფლობელი რუსული "ვითიბი ბანკია". "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის რუსეთი მერვე ადგილზე იყო, პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებდა, ნიდერლანდები კი ოფშორული ზონაა, სადაც, ძირითადად, რეგისტრირებული არიან ის კომპანიები, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს აბანდებენ. ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დგანან, მათ შორის, რუსეთისაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა კომპანიებში "ვიმ-ბილ-დან საქართველო", "მობიტელი", "ენერგია 55", "ჯლს", "კარლსბერგ საქართველო", "ელექტრონი", "კლუბ-2100", "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი", "ელიტდეველოპმენტი", "ემბავუდ ჯორჯია". 2013 წელს ამ სიაში შედიოდა "ტიფლისკი ვინნი პოგრები", "სტრომოსი" და "ტრიდე", - დასძენს გამოცემა.

"ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია რუსული კომპანიების შვილობილია. მაგალითად, "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" ფლობს რძის პროდუქტების მწარმოებელი რუსული "ვიმ-ბილ-დანი" და საქართველოში 2008 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. ქართულ ბაზარზე მისი პროდუქცია ცნობილია სახელწოდებით "სოფლის ნობათი". 2011 წელს "ვიმ-ბილ-დანის" აქციათა 66% "პეპსიკომ" 3,8 მილიარდ დოლარად იყიდა. მანამდე ის 11%-ს ფლობდა, ამ გარიგებით კი "პეპსიკო" კომპანიის აქციების 77%-ის მფლობელი გახდა. თავად "პეპსიკოს" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "იბერია რეფრეშმენტსია". 2014 წლის 1-ლ ივლისს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დირექტორად დაინიშნა რუსი ალექსანდრ კისელიოვი. მანამდე მას სამი პირი ხელმძღვანელობდა: გიორგი ბახტაძე, ნუნუ ფორჩხიძე და ყაზახეთის მოქალაქე ოლგა რიაბოვა... უძრავი ქონების კომპანია "ჯლს" საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა. იმავე წელს რუსეთის მოქალაქე ვიქტორია გამერის მიერ ამ კომპანიაში ჩადებული ინვესტიცია რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის აღმოჩნდა. კომპანიის 50%-ს სწორედ გამერი ფლობს, დანარჩენი 50% კი არჩილ მაზიაშვილის საკუთრებაა. კომპანია ფლობს თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 55 860 კვმ. ეს ფართები ვიქტორია გამერმა საწესდებო კაპიტალში თავად შეიტანა. "ჯლს"-ის საქმიანობას სწორედ ამ სასაწყობე ფართობების გაქირავება წარმოადგენს. არჩილ მაზიაშვილსა და ვიქტორია გამერს ასევე ეკუთვნით შპს სადაზღვევო კომპანია "არბა ჯგუფი". საქართველოში რუსეთიდან 2014 წელს განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს შორის "ლუდსახარშ კომპანია ბალტიკას" მიერ `კარლსბერგ საქართველოში~ გადარიცხულია თანხები, რომელსაც ერთპიროვნულად ფლობს", - წერს სტატიის ავტორი.

"შპს "ელექტრონი" ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ტიპის კაბელების დისტრიბუციაა. მისი 40%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ხვიჩა ფორჩხიძეა. შპს "კლუბ-2100" საქართველოში 2013 წელს დაფუძნდა და გუდაურში ამავე სახელწოდების სასტუმრო ააშენა. მშენებლობა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ რომანოვის ინვესტიციით განხორციელდა. მის კომპანიას 90% ეკუთვნის. 2014 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტში" რუსეთის მოქალაქე ოლეგ პრედტეჩენსკის მიერ ჩადებული ინვესტიცია. ის კომპანიის 50%-ის მფლობელია. ოლეგ პრედტეჩენსკის კავშირები საქართველოსთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰქონდა. მან 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003 წლამდე სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში მუშაობდა ფინანსურ დირექტორად. 2003-2008 წლებში იყო "როსენერგობანკის" ვიცე-პრეზიდენტი. ეს ბანკი 2014 წელს მოხვდა კანადის მიერ უკრაინის ამბების გამო სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის. ოლეგ პრედტეჩენსკი 2008 წლის შემდგომ მუშაობდა უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებლის, "ავტოვაზის" მენეჯმენტში, სხვადასხვა დროს ასევე იყო კომპანია "ლადა კრედიტის" ხელმძღვანელი", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"რუსეთიდან მსხვილი ინვესტიციების ჩამდებ კომპანიებს შორის აღმოჩნდა "ელიტ დეველოპმენტიც~, რომელმაც 2014 წელს ააშენა "ქობულეთის რეზიდენცია" - შავი ზღვის პირას განთავსებულ ამ შენობაში 313 ბინაა. "ელიტ დეველოპმენტი" რუსეთის მოქალაქე ოლგა მოისეენკოვა და მის მამას ვლადიმირ მოისეენკოვს, ეკუთვნის. ოლგა და ვლადიმირ მოისეენკოვები ფლობენ შპს "გრინ ვილიჯსაც". ამ კომპანიის საკუთრებაში იყო ლაგოდეხში 18,3 ჰექტარი სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2017 წლის ივნისში 7,6 ჰექტარიც მიემატა. მსხვილ რუსულ ინვესტიციებს შორის მოხვდა ავეჯის მწარმოებელი "ემბავუდ ჯორჯიაც". რუსეთიდან დაბანდებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის არის დაბანდება ღვინის მწარმოებელ კომპანია "ტიფლისკი ვინნი პოგრებში", რომელიც საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დაფუძნებული შპს "დკ-სერვისია". იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები მიიღეს, მოხვდა დეველოპერული კომპანია შპს "ტრიდეც". მისი დამფუძნებელი, ვალერიან მარგველაშვილი, რუსეთის მოქალაქეა. ის კომპანიის 35%-ს ფლობს. ერთი წელია, რაც საქართველოში ტაქსის ონლაინგამოძახების რუსული ტრანსნაციონალური კომპანია "იანდექსი" მუშაობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე არკადი ვოლოჟია, რომელიც კომპანიაში აქციების 10,78%-ს ფლობს. ტაქსის ბიზნესით დაკავებულები საქართველოში რუსულ კომპანიას დემპინგური ფასებით მომსახურებაში ადანაშაულებდნენ", - დასძენს გამოცემა.

"რუსულ კაპიტალს საკმაოდ დიდი წილი უკავია საქართველოში. ინვესტიციები შემოდის სტრატეგიულ დარგებშიც - ტელეკომუნიკაცია, ენერგომატარებლები, წყლის რესურსები და სხვ. რუსული კაპიტალის შემოტანა განსაკუთრებით გააქტიურდა 2003-2004 წლიდან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, ანუ 2012 წლიდან მოყოლებული, რუსული კაპიტალი საქართველოს მიმართ ინტერესს არ კარგავს. რამდენად საფრთხის შემცველია რუსული კაპიტალი? - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ფული, დასავლური კაპიტალისგან განსხვავებით, ბევრ კითხვას აჩენს... ესენი, ძირითადად, ოფშორული კომპანიებია, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ საქართველოში სტრატეგიულ სფეროებში და უფრო მეტად მსხვილ ბიზნესში. ასეთ დროს, სასურველია, კაპიტალი იყოს სუფთა და გამჭვირვალე, ცნობილი იყოს ფულის წარმომავლობა. განსაკუთრებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს დასავლური კაპიტალის შემოდინებას, რათა არ ვიყოთ ასე მჭიდროდ დამოკიდებული რუსულ კაპიტალზე. ეკონომიკური პროექტები სუფთა, სტაბილურ და სანდო პარტნიორებს უნდა დაუკავშირდეს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის ყველაზე სახიფათო დამოკიდებულება რუსულ კაპიტალზე. თავისთავად რუსეთი არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, ბიზნესი, განსაკუთრებით კი დიდი ბიზნესი, დაკავშირებულია პოლიტიკასთან და შესაბამისად, დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთიდან შემოსული დიდი კაპიტალი და ინვესტიციები გარკვეულ­წილად რაღაც პოლიტიკურ მიზანსაც ატარებდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის