ევროპის საბჭოს ოფისი ახალ პროექტს - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება და მას მოდერაციას გაუწევს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში აცხადებენ, პროექტი შეესაბამება ახლადმიღებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
„არსებობს მოლოდინი, რომ პროექტის განხორციელებულ აქტივობათა შედეგად საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო მეტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულებით, რასაც უფრო კვალიფიციური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს. პროექტის მოსალოდნელ შედეგებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა, სასამართლო ადმინისტრაციის მომსახურების გაუმჯობესება, რითაც სასამართლოს მომხმარებელი უკეთეს სერვისს მიიღებს, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მეტად გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების დანერგვა. დასახელებული მიზნების მისაღწევად, პროექტს სხვადასხვაგვარი აქტივობა აქვს დაგეგმილი, როგორიცაა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, კოლეგებს/მოსამართლეებს შორის დიალოგი, საკონსულტაციო და მრგვალი მაგიდის დისკუსიები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები და სხვა. საექსპერტო შეფასებები, კვალიფიციური რეკომენდაციების მოწოდება იურიდიულ პროფესიათა მარეგულირებელ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, აგრეთვე ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და რელევანტური პუბლიკაციები პროექტის მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს. ასევე, იგეგმება ისეთ საჭირბოროტო საკითხთა წამოწევა, როგორიცაა გენდერული პრობლემები და უმცირესობათა უფლებები და მათი გათვალისწინება სასამართლო რეფორმის პროცესის წარმართვისას. პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის განცხადებაში.
პროექტის მეშვეობით ევროპის საბჭო განაგრძობს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას საქართველოში მომდევნო 32 თვის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.