გია ხუხაშვილი - ივანიშვილის მმართველი გუნდიდან დისტანცირებას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან დღესაც ივანიშვილის რესურსებზე და რეიტინგზე დგას მთლიანად ”ქართული ოცნების” ხელისუფლება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი კვლავ ჩიხშია. იმედისმომცემი განცხადებების მიუხედავად, კვლავ უცნობი რჩება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოქმედების რა გზა აქვს არჩეული ერთის მხრივ ოპოზიციას, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლებას. მმართველი გუნდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ”ქართული ოცნება” ოპოზიციისგან ელოდება კითხვას პასუხზე თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეკა ბესელიას თქმით, - რაც შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში შეიცვალოს, არის გარდამავალი დებულებები... თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებას?

- შექმნილ ვითარებას მართლაც შეიძლება ეწოდოს ჩიხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ვინმეს უნდა კონსენსუსის მიღწევა და მოლაპარაკება ის არ იღებს კანონს ორი მოსმენით. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, მმართველმა გუნდმა მანევრისათვის ადგილი არ დატოვა, შინაარსობრივად მასში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია - ამ შემთხვევაში ბესელიას დავეთანხმებოდი - ახლა მხოლოდ გარდამავალ დებულებებში შეიძლება ცვლილებების შეტანა.

ვითარებაში, როცა კობახიძის ნდობა პრაქტიკულად შეუძლებელია თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა, მან მომლაპარაკებელი ანუ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან რამე ტიპის სერიოზულ კონსენსუსზე საუბარი მხოლოდ იმ დიდი ფარსის გაგრძელებაა, რასაც ადგილი ჰქონდა საკონსიტუციო ცვლილებების დაწყების დღიდანვე. ისინი თავიდანვე ცდილობდნენ შეექმნათ ფართო საზოგადოებრივი განხილვის სურათი. სინამდვილეში მათ ჰქონდა გეგმა ფასადად გამოეყენებინათ ვირტუალური საერთო-სახალხო განხილვა და გაეტანათ ის, რაც უნდოდათ. ეს ყველაფერი ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ განხილვებსა და ვენეციის კომისიაში იხილავდნენ ერთ ვარიანტს, იგივე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ, ფაქტის წინაშე დააყენეს ყველა, ანუ მიიღეს სულ სხვა ვარიანტი. რითაც, სხვათა შორის, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს - მათ შორის ვენეციის კომისიასაც, რაზეც შესაბამისი ჰქონდა ბუკიკიოს.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ასეთ მძიმე ვითარებებშიც კი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი მოლაპარაკებებისთვის მთავარია ნდობის აღდგენა. მხარეები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებიან, უნდა იყვნენ აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით და უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ავტორიტეტი. მას შემდეგ, რაც სპიკერმა კობახიძემ პროცესი მთლიანად ჩააგდო, მისდამი ნდობა ნულოვანია. ვითარებაში, როცა კობახიძის ნდობა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა, მან მომლაპარაკებელი, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს. ახლა ლოგიკური იქნებოდა რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს არა კობახიძე, არამედ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა, იგი თავისი რიტორიკით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში.

- ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით - საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე ოპოზიციასთან შეიძლება საუბარი საარჩევნო ბარიერზე და პარტიულ ბლოკებზე. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს პრემიერი კვირიკაშვილი? და კიდევ, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ საარჩევნო ბარიერებსა და პარტიულ ბლოკებზე მმართველი გუნდის მიერ უკან დახევა?

- რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. საარჩევნო პაკეტში მთავარი თემები იყო ბარიერის, ბლოკებისა და უმთავრესი და ფუნდამენტური - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას პოლიტიკური პროცესი ახალ მდგომარეობაში გადაჰყავდა. ჩნდებოდა მულტიპარტიული დემოკრატიის ფორმირების შანსები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ სწორედ ამაზე თქვა უარი. მათ ხომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დატოვეს. სწორედ ამაში გამოჩნდა კობახიძის ცინიზმი როცა ბრძანა - ერთი მუხლი მაინც მაჩვენეთ სად იღებს ხელისუფლება უპირატესობასო?

ხელისუფლება უპირატესობას იმიტომ კი არ იღებს, რომ ის პოლიტიკურად ძლიერია. ის უპირატესობას იღებს იმიტომ, რომ მაჟორიტარები პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, თუ ვინაა ხელისუფლებაში. მათ ხომ სხვაზე კარგად იციან ვინ იყიდონ, ვინ დააშანტაჟონ ამა თუ იმ რაიონში, როდის დახარჯონ თავისი ჯიბიდან ფული, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ იზრუნონ თავიანთ ბიზნესებზე. მმართველმა გუნდმა არ მოისურვა ამ ადამიანების პოლიტიკიდან გაყვანა და ქვეყანაში პოლიტიკურად კონკურენტული რეალური გარემოს შექმნა. თუ ის ამას უპირატესობას არ ეძახის, მაშინ უპირატესობა რაა?

- როგორ ფიქრობთ, მოუწევს ამ პროცესში პრემიერს ჩარევა?

- პრემიერი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არ ერევა პოლიტიკაში. ვფიქრობ, ის ფორმალურადაა როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რეალურად, ის არ ასრულებს არც ერთ ფუნქციას. მაქსიმუმ, კვირიკაშვილი არის ბიზნესობმუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შესაძლოა, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების კურატორი, ისიც იმიტომ, რომ ამ თანამდებობაზე მისი კადრები არიან დანიშნული. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მგონია, რომ ის აყალიბებს საგარეო პოლიტიკას და ამ სფეროში სუფლიორის დახმარებით მოქმედებს.

კვირიკაშვილს არა ერთხელ ჰქონდა შანსი გაემყარებინა თავისი პოზიციები მაგრამ ასე არ მოხდა. იგი ამგვარ შანსებს იმის მიუხედავად ინარჩუნებს, რომ ქართულ საჭადრაკო დაფაზე რეალურად არაა დამოუკიდებელი მოთამაშე. როგორც ჩანს, მას ამის არც სურვილი და არც შესაძლებლობები არ აქვს

კვირიკაშვილს არა ერთხელ ჰქონდა შანსი გაემყარებინა თავისი პოზიციები მაგრამ ასე არ მოხდა. იგი ამგვარ შანსებს იმის მიუხედავად ინარჩუნებს, რომ ქართულ საჭადრაკო დაფაზე რეალურად არაა დამოუკიდებელი მოთამაშე. როგორც ჩანს, მას ამის არც სურვილი და არც შესაძლებლობები არ აქვს. როგორც ჩანს, ის პაიკის მდგომარეობაში თავს კარგად გრძნობს და ეს მისი არჩევანია.

- ოპოზიცია პრეზიდენტისგან მოითხოვს ვეტო დაადოს ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, მოქმედი საარჩევნო კოდექსი ცესკო-ს აძლევს საშუალებას საარჩევნო კომისიები ხელისუფლების მხარდამჭერებით დააკომპლექტოს. ამ საკითხებზე რეაგირებისთვის პრეზიდენტ ვადა 21 ივლისს ეწურება.

თქვენი აზრით, რა სურათს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნები და იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაითვალისწინა? ამ კითხვას იმის მიუხედავად ვსვამ, რომ მმართველ გუნდს ყველა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო...

- ამას აქვს ორი მხარე - ერთი არის სამართლებრივი, ხოლო მეორე პოლიტიკური. იმის გათვალისწინებით ამ თემებზე რა განწყობაა მმართველ გუნდში, პრეზიდენტს მხოლოდ მცირე ხნით შეუძლია შეაფერხოს ეს პროცესი. ვინაიდან მმართველ გუნდს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, პრეზიდენტი მათ ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის.

მეორეა, საკითხის პოლიტიკური ფასი. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ხელისუფლებას უწევს გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მის მდგომარეობასა და ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაციას. მეორე მხრივ, პრეზიდენტს აქვს ვალდებულება მოიქცეს თავისი შინაგანი რწმენის შესაბამისად. არ ვიცი, პრეზიდენტს რას უკარნახებს მისი შინაგანი რწმენა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი კონსტიტუციური მოვალეობაა ვეტო გამოიყენოს შინაგანი რწმენით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვეტო დაძლევადია.

ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიაკრავს პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეკრულის იარლიყს, რაც აქამდეც არა ერთხელ გაუკეთებია. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისთვის ოპოზიციასთან თანამშრომლის იარლიყის მიკერების მცდელობები თავად ხელისუფლებისთვის იყოს მომგებიანი და სასარგებლო.

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით - ”თუკი პრეზიდენტი აჰყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ეს ვეტო იქნება მიმართული თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ... თვითმმართველობების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დემოკრატიის მიმართულებით განვითარების წინააღმდეგ, რასაც ვერ დავუშვებთ და ამიტომ ვეტო იქნება დაძლეული”. არადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სწორედ იმას საყვედურობს, რომ მათ მიერ მიღებული კანონებით მნიშვნელოვნად იზღუდება ადგილობრივი თვითმმართველოებები და დემოკრატია...

- კობახიძის სწორედ ამგვარი განცხადებების შემდეგ ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ უსუფაშვილის შემდეგ იგი პარლამენტის თავმჯდომარეა. მისი სახით ასეთი სუსტი, გამოუცდელი და არაკომპეტენტური პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანას ყველაზე უბედურ პერიოდში კი არ ჰყოლია.

არ ვიცი, პრეზიდენტს რას უკარნახებს მისი შინაგანი რწმენა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი კონსტიტუციური მოვალეობაა ვეტო გამოიყენოს შინაგანი რწმენით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვეტო დაძლევადია

მას აქვს უნიკალური უნარი თავდაყირა დააყენოს არგუმენტაცია, მაგრამ ეგ რომ კარგა ხანია არ ჭრის, ვხედავთ. ასე ხდებოდა მაშინაც როცა მან უშიშროების საბჭოს მდივანს შენიშვნა მისცა და ბრძანა, რომ ამ უკანასკნელმა არ იცის კანონმდებლობა, როცა პრეზიდენტთან დაკავშირებით საკმაოდ ოდიოზურ ინტერპრეტაციებს აკეთებდა და მაშინაც, როცა თქვა, რომ თურმე მცოცავი ოკუპაციის საკითხების განხილვა არ ყოფილა უშიშროების საბჭოს კომპეტენცია. კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები ან ზღვარგადასული არაკომპეტენტურობაა, ან ზღვარგადასული უტიფრობა. მე მართლა არ ვიცი, უფრო რომელია.

- გასულ კვირას აქცია ”ქართული მარში” გაიმართა აღმაშენებლის გამზირზე. იმავე დღეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა სოფელ ბერშუეთში. 19 ივლისს ქალთა აქცია ისევ აღმაშენებელზე გაიმართა. ”ქართული მარშის” ორგანიზატორები თავიდან აცხადებდნენ, რომ მათი აქცია არარეგალების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ მოგვიანებით, მათივე მტკიცებით, 14 ივლისის აქციით საფუძველი ჩაეყარა ახალ ეროვნულ მოძრაობას. ფაქტია, რომ როგორც ამ აქციების ორგანიზატორები, ისე მასში მონაწილეები მსოფლმხედველობრივად აშკარად სხვადასხვა პოზიციებზე დგანან. თქვენი აზრით რასთან გვაქვს საქმე?

- მე ასე შორს არ წავიდოდი განსჯაში. და იცით რატომ? მოთხოვნათა ორივე პაკეტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ორივე უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. ერთის შემთხვევაში საუბარია ოკუპაციაზე და ბუნებრივია, ჩვენ ასეთი პროტესტი მუდმივად უნდა გვქონდეს. მეორე მხრივ, ლაპარაკია არალეგალურ მიგრანტებსა და არალეგალურ ბიზნესებზე. სხვა საკითხია, რა ფორმით და რა ვექტორით ხორციელდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, აქ თემა არა იმდენად ფასეულობათა სისტემას უკავშირდება, რამდენადაც სტრატეგიას და ტაქტიკას. ანუ, რა დგას ამ ყველაფრის უკან?

იგივე ”ქართული მარში” იქნებოდა აბსოლუტურად ლეგიტიმური, რომ მათი პროტესტი ყოფილიყო არა მარშის სახით, არამედ გამოხატული ხელისუფლების მიმართ პრეტენზიის სახით. მათ დეკლარაციაში ასეც წერია, მაგრამ ამას არ სჭირდებოდა აღმაშენებელზე გავლა. კანცელარიასთან შეიძლებოდა აქციის გამართვა და მისთვის პირდაპირ მოთხოვნა იმისა, რომ შეწყდეს არალეგალური მიგრაცია, ნარკობიზნესი, არარეგალური ემიგრანტების არარეგალური ბიზნესი, რაც დანაშაულის მთელი ბუკეტია. ეს გახლავთ გადასახადების გადაუხდელობა და ასე შემდეგ. თუ ყველაფერ ამის მოტივი იყო ამ თემაზე პოლიტიკური ქულების კაპიტალიზაციად ქცევა, ეს ნამდვილად არის ცუდი.

კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები ან ზღვარგადასული არაკომპეტენტურობაა ან ზღვარგადასული უტიფრობა

მე იმდენად აღმაშენებელზე გამართული აქციის გაცხადებულ მიზნებთან არ მაქვს პრეტენზია, რამდენადაც თავად პროცესთან. შემდგომ ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდა, შვილის ტოლ გოგონას წარმოუდგენელი შეურაცხყოფები მიაყენეს, რითაც აქციის ორგანიზატორებმა გარკვეულ წილად, თავად მოახდინეს თავისი აქტივობის დისკრედიტაცია.

ჩემთვის მეორე ტალღაც მიუღებელი იყო, როდესაც შეეცადნენ ეს ახალგაზრდა ადამიანი ემხილათ ოსებთან კონტაქტებში. საქმიანობა, რასაც სახალხო დიპლომატია ოსებთან და აფხაზებთან ჰქვია, ეს არის ძალიან დიდი საქმე. ვინც ამაში მონაწილეობს, ვთვლი, რომ ახდენს პატრიოტიზმის უმაღლეს გამოვლინებას. ამის ისე დახატვა, რომ ეს არის ღალატი, პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- ”ქართულ მარშზე” საკმაოდ კრიტიკული რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს. მოგვიანებით ”ქართულ მარშს” საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძეც გამოეხმაურა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასზე, ისევე როგორ ბერშუეთში გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ რეაგირება აშკარად დაადგვიანა. თუ თქვენც თვლით, რომ ხელისუფლების რეაქცია გარკვეულ წილად დაგვიანებული იყო, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე?

- მე არ ვთვლი, რომ რეაქცია დაგვიანებული იყო. ხელისუფლებამ რეაგირება დაიწყო მას შემდეგ, რაც უმსგავსო განცხადებები გაკეთდა. მე არ ვთვლი, რომ მანამდე ხელისუფლება ამ პროცესში უნდა ჩარეულიყო.

მანამდე ბერშუეთის აქციაზე უფრო ისმოდა კრიტიკა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადეგნლის მხრიდან, რაც უცნაური და გაუგებარი იყო. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყანა სამართალდამრღვევებისგან. აქციების დღემ საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა.

- ერთნი ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ”ქართულ ოცნებას” საბოლოოდ გაემიჯნა, მეორეთა მტკიცებით იგი აიძულეს პოლიტიკას ჩამოშორებოდა. იმან, რომ ბატონი ივანიშვილი არ გამოჩენილა კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენაზე, მართლაც გააჩინა კითხვები, მაგრამ თქვენი ვარაუდოთ, რეალურად რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

- ვფიქრობ, რომ ეს ორივე ვერსია ძალიან ჰგავს შეთქმულების თეორიას. სინამდვილეში კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკმაოდ დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესისგან და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ცხოვრებისეული მაგალითი რომ მოვიყვანო, იგი ასეთი იქნება - ყველა მშობელი ცდილობს თავის თინეიჯერ შვილს რაღაც ეტაპიდან მისცეს გარკვეული თავისუფლება იმისათვის, რომ მან შეიძინოს უნარები რეალურ ცხოვრებასთან შეხების თვალსაზრისით. ანუ თავად დაამყაროს ხალხთან კომუნიკაცია, იშოვოს სარჩო, თავად გადაწყვიტოს თავისი პრობლემები.

რასაც ოსებთან და აფხაზებთან სახალხო დიპლომატია ჰქვია, ეს არის ძალიან დიდი საქმე. ვინც ამაში მონაწილეობს, ვთვლი, რომ ახდენს პატრიოტიზმის უმაღლეს გამოვლინებას. ამის ისე დახატვა, რომ ეს არის ღალატი, პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა თავისი თინეიჯერი შვილისგან - ”ქართული ოცნებისგან” დისტანცია დაიჭირა, მას თავისი გუნდი დისტანციური დაკვირვების ქვეშ ჰყავს და აკვირდება, აღმოაჩნდებათ თუ არა მათ რეალური ცხოვრების უნარები.

ივანიშვილის მმართველი გუნდიდან დისტანცირებას საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ამას უკვე მოჰყვა მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი. ჩემი აზრით, დღეს მმართველობითი ვერტიკალი საერთოდ არ არსებობს და ვერ გაიგებ, ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს ან არ იღებს. თუ საყოფაცხოვრებო დონეზე ეს მისაღები და ლოგიკურია, სახელმწიფო დონეზე ასეთი რამ შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, ვინაიდან ამ თინეიჯერზე მარტო მისი ბედი კი არ არის დამოკიდებული, არამედ კიდევ რამდენიმე მილიონის ადამიანის ბედია დამოკიდებული. აქ კი შეცდომის ალბათობა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე გვგონია.

ერთი რამ ცხადია - დღესაც ივანიშვილის რესურსებზე და რეიტინგზე მთლიანად დგას |”ქართული ოცნების” ხელისუფლება. ხელისუფლებაში არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თავად რამეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ”ქართული ოცნების” ელიტა ვერ განვითარდა და ისინი ლიდერებად ვერ ჩამოყალიბდნენ. როდესაც კობახიძის მსგავსი პერსონაჟები ყველაზე მეტად აქტიურობენ, რომლის კვალიფიკაციამ ბევრი კითხვები უკვე გააჩინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ”ქართული ოცნების” ელიტა ძალიან დიდ უბედურებაშია. ერთადერთი ადამიანი ვინც მმართველი გუნდიდან განვითარდა, ეს კახა კალაძე გახლავთ. მის გარდა მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს, ვინც შეესაბამება იმ სტატუსს, რის ზიდვასაც ცდილობს.

საქართველოში პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ისეთი მძიმე და დაუძლეველი პრობლემა იქნებოდა, რომ ბევრად სჯობს თუ იგი უკრაინაში იქნება

- საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი. მის შედეგებზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ მე სხვა რამ მინდა გკითხოთ. ვიზიტის ფარგლებში საჯარო სივრცეში სააკაშვილის ექსტრადირება-არაექსტრადირების თემა საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა. არადა, როგორც აღმოჩნდა, არც ქართველ და არც უკრაინელ ოფიციალურ პირებს ამ თემებზე არც კი უმსჯელიან. თქვენი აზრით, რაში დასჭირდა თავად ოპოზიციას პოროშენკოს ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის თემის აქტუალიზაცია?

- გამომდინარე იქედან, რომ ”ნაცმოძრაობა” რჩება ერთ-ერთ ძირითად ოპოზიციურ მოთამაშედ და მისი ლიდერი დღემდე სააკაშვილია, გასაგებია, რომ მოხდებოდა ამ საკითხით აპელირება. ასეც მოხდა. ამ თემაზე კიდეც რომ ვინმე ფიქრობდეს ხელისუფლებაში, არა მგონია იგი პოლიტიკურად მომგებიანი იყოს - როგორც ჩვენი, ისე პოროშენკოს ხელისუფლებისთვის.

თუ ”ქართული ოცნება” სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკის არაფერი გაეგება

პოროშენკოსთვის ძალიან დამაზარალებელი იქნებოდა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოში გამოგზავნა. მთავარია, რომ ჩვენთვის საქართველოში პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ისეთი მძიმე და დაუძლეველი პრობლემა იქნებოდა, რომ ბევრად სჯობს თუ იგი უკრაინაში იქნება.

”ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის ექსტრადირება და მისი ციხეში გამწესება შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. ეს თუ მათ არ ესმით და მაინც ითხოვენ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკის არაფერი გაეგება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო