„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში დღეს ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას მოდერატორობას ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაუწევს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
„ეკონომიკური დიპლომატია არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენი დიპლომატიური მისიების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ საქართველოს ცნობადობის ამაღლება, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის რაც შეიძლება უკეთ წარმოჩენა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. წლევანდელ ამბასადორიალზე ნოვაცია გვაქვს - გვექნება პრაქტიკული განზომილება, ანუ ელჩებს ექნებათ საშუალება, კონკრეტულ მაგალითზე ნახონ, როგორ ფუნქციონირებს საქართველოში ახალი ინოვაციური ეკონომიკური პროექტები, რათა ამის მიტანა მოხდეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და გაიზარდოს მათი ჩართულობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
დღესვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. ასევე, გაიმართება ამბასადორიალის შემაჯამებელი შეხვედრა და პრესკონფერენცია ამბასადორიალის შედეგების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების მონაწილეობით.
„ამბასადორიალი 2017“ 18 ივლისს გაიხსნა და დღეს დაიხურება.