რამაზ საყვარელიძე - "ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო- რეიტინგისთვის"
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი რუსეთმა ყარაფილასთან ხნულით "საზღვრის” მიღმა მოაქცია
"სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა. წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს!"
* * *
რამაზ საყვარელიძე - "ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო- რეიტინგისთვის"
"ეს ვეტოც წინამორბედთა ბედს გაიზიარებს. როცა ხედავს ადამიანი, რომ მის ნათქვამს შედეგი არ მოაქვს, ცოტა ხნის შემდეგ ჩუმდება ხოლმე. ვეტოც ასეთივე "ნათქვამია", მაგრამ პრეზიდენტი ვეტოებს არ ეშვება, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტი ვეტოს საქმის ინტერესის გამო არ იყენებს, რადგან მშვენივრად იცის, რომ ამით ვერაფერს შეცვლის. გამოდის, რომ სხვა მოტივი აქვს. ჩემი აზრით, მარგველაშვილი ცდილობს, ხელისუფლებასთან დაპირისპირებით საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გაზარდოს", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო - რეიტინგისთვის" / "დღეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კორუფციული დანაშაულის შემთხვევაში სახელმწიფო იჩენს ისეთ სიმკაცრეს, რომ ამან მის გამეორებას ხელი შეუშალოს" / "ვფიქრობ, მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს" / "მარშის ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ქალბატონთან დაკავშირებული სკანდალით ყველაფერს ხაზი გადაუსვეს".
"თუ გავიხსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან გიორგი მარგველაშვილი რა გამალებით ითხოვდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას (რაც მომავალ არჩევნებზე შენარჩუნდება კიდეც), საფუძვლიანად მიმაჩნია ვარაუდი, რომ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და რეიტინგიც ამისთვის სჭირდება. გამოდის, რომ ეს არის არა ვეტო ვეტოსთვის, არამედ ვეტო - რეიტინგისთვის. რეიტინგისთვის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ახალი არ არის. გაგახსენებთ, თავის დროზე ე.წ. რეფორმატორებმა - ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის გუნდმა შევარდნაძის ხელისუფლების დატოვებითა და მასთან დაპირისპირებით მოახერხა პოლიტიკური ქულების დაგროვება და როგორც კი დაინახეს საზოგადოების კრიტიკული განწყობა, ოპოზიციაში წავიდნენ. ბევრი პოლიტიკოსი ამ პოზიციას იზიარებს და ამიტომაც ჩვენში ოპოზიციის რიტორიკა, ძირითადად, მხოლოდ ხელისუფლებას შეეხება. ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ რა და როგორ ვერ გააკეთა, თუმცა თითქმის არასდროს ამბობენ, თვითონ რას აპირებენ...სამწუხაროდ, რეიტინგის მოპოვების უფრო რთულ გზებს ვერ ხედავენ, ან ხედავენ და უფრთხიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"არადა, მარგველაშვილს ჰქონდა სხვა შანსი. ის განკარგავს ძალიან მნიშვნელოვან საპრეზიდენტო ფონდს, რომლის საქველმოქმედო მიზნებით გამოყენებით შეეძლო, პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებული პრობლემები გადაეწყვიტა. ხშირად სწორედ ასე იქცევიან პოლიტიკურად უფუნქციო ხელისუფალნი. ეს საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად აპრობირებული გზაა, თუმცა მარგველაშვილი სხვა გზით წავიდა. მან სცადა, ძალიან შეზღუდული პოლიტიკური შესაძლებლობებით ეაქტიურა სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მოუტანს თუ არა ეს მას რეიტინგს და როგორ აისახება მის შემდგომ მოღვაწეობაზე. მარგველაშვილმა ის უპირატესობა, რასაც საპრეზიდენტო თანამდებობა აძლევს, არ გამოიყენა და გაუთანაბრდა ოპოზიციურ ფიგურებს, მათი მსგავსი აქტიურობით, რიტორიკით და ა.შ. ვნახოთ რას მოუტანს ეს მომავალში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამ კინკლაობაში, ფაქტობრივად, ერთნაირად სცოდავენ პრეზიდენტი, ადმინისტრაციასთან ერთად, კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობა. ისინი ერთმანეთის საკრიტიკოდ შანსს არ უშვებენ ხელიდან და ამას ჩვენი საზოგადოება უკვე ყურადღებას აღარ აქცევს.... ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ირაკლი კობახიძეზე, რომელსაც ბოლო ხანს ხშირად ერჩიან ოპონენტები. როდესაც ლაპარაკი იყო "ქართული ოცნების" განახლებაზე, ამ პროცესში ირაკლი კობახიძის - ახალგაზრდა, განათლებული, დასავლური ღირებულებების ერთგული ადამიანის გამოჩენა იმედის მომცემი ჩანდა. მიმაჩნია, რომ ის პერსპექტიული ახალგაზრდაა, მაგრამ ისევე, როგორც მთელ `ქართულ ოცნებას~, მასაც აკლია გამოცდილება. სწორედ გამოუცდელობით აიხსნება ირაკლი კობახიძის სიხისტე და სულსწრაფი განცხადებებიც, მაგრამ ამის გამოსწორების შანსი მას აქვს, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს", - თვლის ექსპერტი.
"ეს დაკავებები კორუფციულ დანაშაულზე კარგი ნიშანია, რომ ხელისუფლება მსგავს დანაშაულზე რეაგირებს, მაგრამ მოქმედების სტრატეგია, გაწერილი სისტემური კონცეფცია არ ჩანს. ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრის კონცეფციის ჩამოყალიბება და გლობალური ხედვა, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, აქაც უჭირს. არსებობს სხვადასხვა მიდგომა და პრობლემის გადაჭრის გზები. დღეს ბევრს ლაპარაკობენ სახელმწიფო სექტორში მაღალ ხელფასებსა და დანამატებზე, მაგრამ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას უცხოელებმა ეს სწორედ კორუფციასთან გასამკლავებლად ურჩიეს. თუმცა ამ "წამალმა" პრობლემას რამდენად უშველა, არ ვიცი, ვინაიდან სააკაშვილს კორუფციის მოსასპობად ხელისუფლების იმ დონზე, რა დონის მოხელეთა დაკავებასაც დღეს ვხედავთ, ძალიან მკაცრი რეპრესიებიც დასჭირდა. მეტიც, ზოგჯერ კორუფციასთან ბრძოლისას კანონს ხელისუფლება არღვევდა, როდესაც უხეშად ხელყოფდა სხვისი საკუთრების უფლებას. ესეც, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, იქ, სადაც სიმკაცრე საჭიროა, კანონის ფარგლებში ის უნდა გამოვიჩინოთ, თორემ მოიმატებს ქაოსი... სამწუხაროდ, დღეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კორუფციული დანაშაულის შემთხვევაში სახელმწიფო იჩენს ისეთ სიმკაცრეს, რომ ამან მის გამეორებას ხელი შეუშალოს", - ამბობს საყვარელიძე.
ხოლო შეკითხვაზე - "კვლავაც განხილვის თემაა "ქართველთა მარში" და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ბევრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარების დაძაბვით რუსეთია დაინტერესებული და ამ პროცესების მიღმა სწორედ კრემლის ინტერესები დგას..." - პასუხობს:
"მეც მოვისმინე ეს განცხადებები, თუმცა მათი ავტორების არგუმენტაცია მაინცდამაინც დამაჯერებელი არ მგონია - საქართველოში დაძაბულობის კერის გასაჩენად რუსეთს სხვა უამრავი ბერკეტიც აქვს. ან თუ ვხედავთ, რომ არეულობა რუსეთს სურს, ამ ადამიანებს მარშით რატომ პასუხობენ და კიდევ უფრო რატომ ცდილობენ ვითარების დაძაბვას?! რაც შეეხება ამ მარშს, როგორც მოვლენას... ფაქტია, რომ ასეთი განწყობა მთელ მსოფლიოში იმატებს. აზიელების ასეთი მოძალება დასავლეთის ქვეყნებში გამოწვეულია იმით, რომ ცხოვრების დონე დასავლეთში უკეთესია, შესაბამისად, აზიიდან მიგრაციის ზრდა ლოგიკური ტენდენციაა, მაგრამ ლოგიკურია ისიც, რომ ეს ევროპელებისთვის შემაწუხებლად იქცა. ამიტომ არის დასავლეთის ქვეყნებში ერთ-ერთი საპროტესტო თემა მიგრაცია. ამ საპროტესტო განწყობის ფონზე ამერიკელებმა ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს სწორედ იმიტომ, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში ანალოგიური განწყობა იკითხებოდა. ეს პროცესები მსოფლიოში თუ არის, ანალოგიური მარში თბილისში ჩატარდეს, რა გასაკვირია?! ამის ახსნა მსოფლიო პროცესებით უფრო საფუძვლიანი მგონია".
"ესა თუ ის საკითხი პოლიტიკურ ელფერს მაშინ იძენს, როდესაც გარკვეულ მასშტაბს აღწევს. ამ მარშის სამი-ოთხი ლიდერი რომ გამოსულიყო პროსპექტზე და გაევლო, ამგვარი რეზონანსი, რა თქმა უნდა, არ მოჰყვებოდა, მაგრამ იქ ბევრი ადამიანი მივიდა. ანალიზს მოითხოვს ის, როგორ შეძლეს მათ ამდენი ადამიანის შეკრება. ცხადია, ეს ხალხი იმიტომ შეიკრიბა, რომ თემები, რომლებიც ორგანიზატორებმა წამოსწიეს, მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო აღმოჩნდა. არ არის გამორიცხული, თუკი ქვეყნის გარეთ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ დაინახა, ჩვენს ხალხს რაზე აქვს მძაფრი რეაქცია, პოლიტიკური პროცესის წარმართვა ამ საკითხების პროვოცირებით სცადოს. აი, ეს არის საფრთხე... ამ მარშის ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ქალბატონთან დაკავშირებული სკანდალით ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. საკუთარი საქციელით გააუფასურეს ის, რისთვისაც ვითომ იბრძოდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ამ ამბავს ისეთი მდაბიური გაგრძელება მოჰყვა, უარესის წარმოდგენაც კი რომ შეუძლებელია... გამოჩნდა, რომ აქციის ლიდერებს წარმოდგენა არ აქვთ, რას მოჰკიდეს ხელი. ქუჩური განწყობების დონეზე ესმით კონსერვატიზმიც და ჩვენში არსებული პრობლემებიც. ქუჩის დონეზეც სწორედ ამიტომ მოიქცნენ...", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი რუსეთმა ყარაფილასთან ხნულით "საზღვრის” მიღმა მოაქცია
"რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი ამჯერად კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ხნულით მონიშნეს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი თხრილს მიღმა დარჩა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ მონიშნეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ეს ქმედება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხო გარემოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ოკუპანტების მიერ ახალი თხრილის გავლებას "პროვოკაციად" აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ შეჩერებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეეცდებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ”დაველოდეთ, როდის მოაქცევდნენ მილსადენს საოკუპაციო საზღვარში, მალე გადასახადსაც მოგვთხოვენ" / საოკუპაციო საზღვარი ყარაფილასთან - რუსეთი საბჭოთა კავშირის დროს არსებული ე.წ საზღვრის აღდგენას ცდილობს.
"ჩვენ ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ ამ ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება რისკების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობს და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს ადმინისტრაციული საზღვრები, სამწუხაროდ, განსაზღვრულია წინა ხელისუფლების მიერ, სააკაშვილმა თავისი ბრძანებით განსაზღვრა. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ოკუპანტები ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მოჰყვებიან და ახდენენ ე.წ. ბორდერიზაციას. ამავე ადმინისტრაციულ საზღვრებში ექცევა ნავთობსადენი, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საშუალებები, რაც თავიდანვე იყო გააზრებული და მოფიქრებული. ასე რომ, ეს არ არის დიდი საფრთხე, დიდი საშიშროება. ზოგადად, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და სამხედრო ბაზებია განთავსებული. მე ყველაფერზე ახლა ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა საფრთხე და რისკები წინასწარ გაანალიზებულია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და ამასთან მიმართებით კონტრზომებიც არსებობს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები საბჭოთა კავშირის დროს არსებული ე.წ საზღვრის აღდგენას ცდილობენ", - განაგრძობს გამოცემა.
"სოფელი ყარაფილა ზუსტად ამ საზღვართანაა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკანონოა და ოკუპაციის პროცესის შემადგენელი, მაგრამ ამიხსენით, რატომ ვუწოდებთ მცოცავ ოკუპაციას, ეს მომგებიანია შიდა პოლიტიკურ ბაზარზე თუ ინვესტიციებს უწყობს ხელს? იქნებ ამ არასწორი ტერმინით - "მცოცავი ოკუპაცია" რუსებს ვაშინებთ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაშფოთებთ? გორში გუბერნატორად გვეჯდა ბორისოვი, საჰაერო თავდაცვის ნახევარი გამოუყენებელი ტექნიკა საწყობებიდან გავატანეთ, ავტომატები გაზიდეს სატვირთო მანქანებით და ჩანგლებით ვაპირებდით დახვედრას. მსოფლიოში ერთადერთი ფლოტი ხელყუმბარებით ჩაგვიძირეს და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ის, რომ ომისკენ მივდიოდით, ხომ ვიცოდით? ომის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის შემოფარგვლას რომ დაიწყებდნენ, არ ვიცოდით? პირველი ბანერი რომ დააფიქსირეს, იმას შემდეგი რომ მოჰყვება, ხომ ვიცით? დავწერე - ჩვენ გავავლოთ საზღვარი და შემოვფარგლოთ საოკუპაციო ზონა-მეთქი", - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის შეფასებით, სანამ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემებს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან არ გავიტანთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ", - დასძენს გამოცემა.
"დაველოდეთ, როდის მოაქცევდნენ მილსადენს საოკუპაციო საზღვარში. მალე გადასახადსაც მოგვთხოვენ. ომის შემდეგ ყველა წერდა, მილსადენი იყო რუსების სამიზნეო და ბოლოს და ბოლოს რომ მიადგებოდნენ, რთულად პროგნოზირებადი იყო? ახლა ვუწოდებთ მცოცავ ოკუპაციას. ხშირად გვეშლება თუ სპეციალურად ვამბობთ, არ ვიცი, მაგრამ მაღალი ტრიბუნიდან გავიძახით - საქართველო ოკუპირებულია. ამ მცოცავი ოკუპაციის ძახილით ინვესტიციების მოზიდვას ვახდენთ თუ საზღვრის გავლებას შევაჩერებთ? სანამ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემებს არ გავიტანთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან, ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ", - აცხადებს სალუქვაძე, რომლის მტკიცებით, ნებისმიერი საქმეში ჩაუხედავი უცხოელისთვის "მცოცავი ოკუპაცია" ისე აღიქმება, თითქოს რუსები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან აქეთ მოიწევენ და რომელი ახალი ინვესტორი მოისურვებს აქ ფულის დაბანდებას, თუ ყველა ტრიბუნიდან "მცოცავ ოკუპაციას" გავიძახით... ", - წერს სტატიის ავტორი.
"არ მესმის, როცა "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავ ოკუპაციის საზღვრიდან - ხელისუფლებას თბილისში ესაუბრონ ან ქუთაისში, საოკუპაციო საზღვართან ოკუპანტებს უნდა დაანახო ძალა. უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად გააკეთებენ ამას. ან იქ ჩასვლით და უსუსურობის გამომჟღავნებით რას ვაღწევთ? - დაასკვნის ანალიტოსი და განმარტავს, რომ რუსეთი ბანერების დამაგრებით შიდა პოლიტიკური პროცესების არევას მშვენივრად ახერხებს - "ე.წ. ბორდერიზაციით (ეს ტერმინიც არ მომწონს და ამ ტერმინშივე ჩანს, რამდენად გულგრილად ვეკიდებით ამ საკითხს) რუსეთი მშვენივრად ახერხებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას - დანახარჯები მინიმალურია - დაახლოებით ერთი ბანერის დამზადება, მიტანა-დამონტაჟების საფასური. დაამაგრებს ბანერს და რამდენიმე თვე ერთმანეთს ვჭამთ", - ამბობს ამირან სალუქვაძე და მთელ პოლიტიკურ სპექტრს თუ საექსპერტო საზოგადოებას რეკომენდაციებს სთავაზობს", - განაგრძობს სტატიის ავტორი
"სალუქვაძის რეკომენდაციები შემდეგია: "1. გაიტანეთ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემები ერთმანეთთან დაპირისპირების დღის წესრიგიდან; 2. დასხედით ერთად და შეიმუშავეთ ერთიანი სტრატეგია - ა) დეოკუპაციის, ბ) აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგის; 3. ტერმინი "მცოცავი ოკუპაცია" ჩაანაცვლეთ სხვა ტერმინით, მაგალითად, "საოკუპაციო ზოლის უკანონო გავლება" ან "ახალი ბერლინის კედელი" ან სხვა; 4. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ან ჟენევის ფორმატში საოკუპაციო საზღვრის საკითხის გააქტიურება, ან ასევე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უფრო მაღალი დონის ფორმატის ჩამოყალიბება; 5. დეტალურად იქნეს შესწავლილი ჩვენი არმიის მდგომარეობა (ოღონდ რეალურად), შემუშავებული იქნეს არმიის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა საქართველოში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით", - დასძენს სტატიის ავტორი.
"სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა. წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს!"
"უნგრეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა გია უდესიანის ექსტრადირების თაობაზე არ დააკმაყოფილა. როგორც ირკვევა, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, გია უდესიანს კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების ორგანიზება ედება ბრალად. ბესიკ ხარძიანის შვილის ქეთი ხარძიანი განცხადებით, მას ინფორმაციაც არ ჰქონდა, რომ უნგრეთში გია უდესიანის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობდა. ხოლო თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირების სერია საქართველოს ხელისუფლების მარცხით სრულდება, რატომ ვერ ახერხებს ქართული მხარე სათანადო მტკიცებულებების წარდგენას ევროპის სასამართლოებში და რა საფრთხეს შეიცავს ის, რომ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, ამ საკითხებზე უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გვესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "წულუკიანმა კარგად იცის, რამდენ საშიშ პროცესზე დახუჭა თვალი" / ”უდესიანის სამივე და მახინჯს მეძახის და თმის გაჩეჩვით მემუქრება” / "წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს".
"სამწუხაროდ, ხარძიანის ოჯახი ამ პროცესში ჩართული არ ვართ, რადგან ბრალმდებლად პროკურატურაა დაფიქსირებული... ინფორმაციაც არ მქონდა, რომ უნგრეთში გია უდესიანის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობდა, როგორც ვიცი, თავად პროკურატურასაც არ მიუღია წერილი ბუდაპეშტიდან, სადაც ექსტრადირებაზე უარის თქმის დეტალები უნდა განგვიმარტონ... უდესიანი ხელისუფლებაში მყოფი მეგობრების დახმარებით, უდანაშაულო ადამიანებს აწამებდა. მამაჩემი მისი ერთ-ერთი მსხვერპლია, ვერ გაუძლო წამებას და ციხეში კუს ტბა დათმო. მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კარგად ვიცოდით, რომ მამა კუს ტბის გაყიდვას არასოდეს შეეგუებოდა. უდესიანმა იცოდა, რომ მამა არ გაჩუმდებოდა და მასზე ზეწოლას მერეც ახდენდა. დღესაც კი, უდესიანის ოჯახის წევრები შეურაცხყოფას არ ერიდებიან - სასამართლო პროცესებზე ხმას არ ვიღებ, ამ დროს უდესიანის სამივე და მახინჯს მეძახის და თმის გაჩეჩვით მემუქრება. შემდეგი სხდომა 10 აგვისტოს არის ჩანიშნული და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებაც გამოცხადდება. არ მოვისვენებ, სანამ უდესიანი ციხეში არ მოხვდება, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. დარწმუნებული ვარ, მამაჩემის მკვლელობაც უდესიანს უკავშირდება, რადგან მას სხვა მტერი არ ჰყოლია" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთი ხარძიანი.
"უდესიანის ექსტრადირების საკითხი ჩვენი ხელისუფლების პირველი სამართლებრივი კრახი არ არის და ეს ტენდენცია გაგრძელდება - ევროპის სასამართლოები მომავალშიც უარს გვეტყვიან ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე. ამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალწარმოების უხეში დარღვევებით დაიწყო. შედეგად, მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია პოლიტიკურ პატიმრებადაც კი აღიარეს ევროპაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ პროკურორები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, შეცდომებს გულუბრყვილოდ უშვებდნენ - ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რათა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე დაწყებული გამოძიება საერთაშორისო ასპარეზზე კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო! პროკურორებმა დაუშვეს პროცესუალური შეცდომები და თუნდაც მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ხომ უნდა დამდგარიყო? რატომ უნდა მუშაობდნენ უწყებაში ის პირები, რომელთაც ხელისუფლების იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალეს? ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ვიღაცას სწორედ ასეთი შედეგი აწყობდა. შედეგად უდესიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ნებისმიერ შავ დაკვეთას ასრულებდა, დღეს თავისუფალია. ამ არასწორი პოლიტიკით წულუკიანმა უდესიანსა და მისნაირებს, ფაქტობრივად, თავისუფლება აჩუქა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია
"დღესაც რომ ითხოვენ ექსტრადირებას პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო, ეს მხოლოდ ფარსი და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა - იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რომელთა დანაშაულში საზოგადოებას ეჭვი ეპარება, ხოლო იმ პირების დაკავება, რომელთა დანაშაულშიც ყველა დარწმუნებულია და ბევრს საკუთარ თავზე უგვრძნია, მაქსიმალურად ჭიანურდება. გამოძიების კვალიფიკაციის ხარისხი დიდი ხანია ამ ქვეყანაში ეჭვქვეშ დგას. თუმცა, არ მესმის, რატომ უღირთ ხელისუფლების პირველ პირებს ამ გარემოებაზე თვალების დახუჭვა. ყველამ ვიცით, რომ ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება. ამ გამჭრიახმა ქალბატონმა თავიდანვე გათვალა და პროკურატურის საქმიანობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა სცადა. მან კარგად იცოდა, რომ პროკურატურაში რეფორმას ვერასოდეს გაატარებდა, ამის რესურსი მას არა აქვს, მაგრამ ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას ხომ ის განსაზღვრავს? სწორედ ის არის პასუხისმგებელი მთელ ამ პროცესზე. სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა", - დაასკვნის რესპონდენტი.
"ამ უსუსურმა ვაიპროფესიონალებმა იმდენი მოახერხეს, რომ კეზერაშვილის ექსტრადირების საქმე ჩააფლავეს, ადეიშვილზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა, ახლა კი მათ რიცხვს მთავარი ზონდერიც შეუერთდა. გვითხრას ვინმემ, ამ ქალბატონმა მინისტრის პოსტი მემკვიდრეობით მიიღო?! ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ წარმატებულ რეფორმას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. მეტიც, მისი ფაქტობრივად დანაშაულებრივი ინფანტილურობა მალე ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს - როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს სამართლიანობის აღდგენაზე, სასამართლოები არ ადგენენ სიმართლეს, ამას ქუჩის ვენდეტამდე მივყავართ. პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენ თვალწინ გადაგვარდა, რაც საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ყველა დამნაშავის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ", - მიიჩნევს უფლებადამცველი.
"ცოტა ხნის წინ წულუკიანი ქობულეთში ისვენებდა და თან პირადი დაცვის ხუთი თანამშრომელი ახლდა. ეს რომ ვნახე, გავოგნდი - ქალს ამდენი დაცვა, მით უმეტეს, შვებულების პერიოდში, რატომ უნდა სჭირდებოდეს-მეთქი. მოგვიანებით, როცა წყალში სამი მცველი ჩაჰყვა და ორი სანაპიროდან აკონტროლებდა, ჩემს კითხვაზე პასუხს მალევე მივხვდი - თვითონაც კარგად იცის, რამდენად საშიშ პროცესზე დახუჭა თვალი, თუმცა, როდემდე ივლის ამ დაცვით, სულ მინისტრი ხომ ვერ იქნება?!" - დასძენს ლია მუხაშავრია.