რუსთავში, ახალგაზრდა პოეტი ოთო გურგენიშვილი გაიხსენეს. რუსთავის მერის მოადგილემ დავით ლობჟანიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ და ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიგა ჯღარკავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ოთო გურგენიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს და მისსავე საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ,,პოეტური სახლი“ დაათვალიერეს.
ახალგაზრდა პოეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, 21 წლის ოთო გურგენიშვილი, სამი წლის წინ , 29 ივლისს ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ოთო გურგენიშვილმა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალ ავტომანქანას, მცირეწლოვანი ბავშვი აარიდა და თავად გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. გურგენიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ახალგაზრდა პოეტის საქციელი სამოქალაქო გმირობის მაგალითად შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტმა კი ოთო გურგენიშვილი სიკვდილის შემდეგ, სამოქალაქო თავდადებისათვის, მედლით დააჯილდოვა.