ფოთის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდაღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სავედრებელი ლოცვა აღასრულა. ხატები საკათედრო ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის საშუალება მიეცემა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელობა უპირველესად სულიერია. სულიერება, რომელზეც მე ვსაუბრობ, საფუძველს უქმნის ჯანსაღ მოქალაქეობას, ჩვენს ჯანმრთელ პატრიოტიზმს, ურთიერთპატივისცემას და ჩვენს მზაობას, რომ დადებითი მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მშენებლობაში. მობრძანდა დღეს წმინდა ხატები, რომელიც გზადაგზა გვაერთიანებს, შეგვკრებს ერთად და გვაზიარებს კიდევ უფრო მეტად იმ საღვთო მადლს, რომელშიც განმტკიცება გვჭირდება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, ტაძარში წირვა ყოველდღე ჩატარდება. მისივე თქმით, მომავლ კვირას ხატები ხობის დედათა მონასტერში გადაინაცვლებს. „მომავალი კვირიდან ხობის მოსახლეობას ექნება საშუალება, მიბრძანდეს მონასტერში და მუხლი მოიდრიკოს ამ სიწმინდეების წინაშე. ღვთისმშობლობისთვის კი ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადმობრძანებასთან დაკავშირებით. გვინდა ერთი დღით ეს სიწმინდე გადმობრძანდეს იქ, სადაც 470 წლის განმავლობაში ინახებოდა. ვფიქრობ, რომ წელს საპატრიარქო აუსრულებს ხობელებს თავის ნატვრას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა. იმედი მაქვს ღვთის წყალობა კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს თავის განსაკუთრებულ ძალას“, - აღნიშნა მეუფე
გრიგოლმა.
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოსალოცად მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში 28 მაისიდან დაიწყო.