გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც წარსულში არასდროს ყოფილა არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად საიდუმლო თანამშრომელი, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ დაადასტურა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში დაცვის მხარის მოწმე ყოფილი სამართალდამცველი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს, თითქოს ირაკლი მამალაძე არის აგენტი.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ დღეს აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა საქმეზე, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
“თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ირაკლი ფირცხალავას საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თითქოს ირაკლი მამალაძე არის აგენტი და საიდუმლოდ თანამშრომლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს. შესაბამისად, წარვადგინეთ გამოძიების შედეგები სასამართლოზე. ჩვენ ირაკლი ფირცხალავასთან გვექნება კითხვები, თუ რატომ აკეთებდა ცრუ განცხადებებს”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ირაკლი ფირცხალავა უნდა დაიკითხოს, რომელიც მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც ირაკლი მამალაძე სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა და ის აგენტი იყო.