აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკა. ასევე, დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუკები; მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი; მიმდინარე წლის მაისში დასრულდა ტერიტორიის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოები.
”ალპური ბოტანიკური ბაღით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" დაფინანსებით შეძენილია სამშენებლო პროექტი, რომელიც ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის, საპირფარეშოების, სეპტიკების, ავტოსადგომის, მეფუტკრის სახლის და ტერიტორიის შემოღობვის მშენებლობას მოიცავს.
გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მიზნით, 2016 წელს ა(ა)-იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცა ხულოს რაიონში კურორტ ბეშუმში მდებარე 96 344,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამავე წელს "აჭარისწყალი ჯორჯიასა" და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალპურ ბაღში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 100 000 აშშ დოლარით კომპანიამ დააფინანსა სამუშაოები. თანხის ჩარიცხვა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ავტოსადგომის საპირფარეშოების, სეპტიკების და კანალიზაციის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის სამშენებლო სამუშაოები. შემდეგ ეტაპზე მიმდინარე წელს დაგეგმილია მეფუტკრის სახლისა და ხის სახლის მშენებლობა, რაზედაც გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. ამავდროულად მიმდინარეობს წყაროს, საპიკნიკე სივრცის, გზების და ბილიკების მოწყობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება”, - აცხადებენ პრესსამსახურში.