ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატა თედეშვილმა რუსთავის მერის ყოფილი მოადგილის, გოჩა ლორიას მოთხოვნა სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა. მოსამართლე ნატა თედეშვილმა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, ბათილად სცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ლორიას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
რუსთავის მერის ყოფილი მოადგილე გოჩა ლორია დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.