სააგენტო „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის #166 საჯარო სკოლიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სააგენტოს მიერ დასახელებული რუსული ენის მასწავლებელი არ არის სსიპ ქალაქ თბილისის #166 საჯარო სკოლის თანამშრომელი და არც აღნიშნული მოსწავლეები ირიცხებიან სსიპ ქალაქ თბილისის #166 საჯარო სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო „სპუტნიკმა“ ქართველი მოსწავლეების ყირიმში სტუმრობის შესახებ ინფორმაციაში შესწორება შეიტანა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა შესწორებული ინფორმაციის თანახმად, ყირიმში მდებარე „არტეკის“ ბანაკში თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ.
როგორც სკოლის მოსწავლეებმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადეს, რუსული ენის მასწავლებელმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მათ კონკურსის შესახებ აცნობა, რომელსაც პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტი ატარებდა.