გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმართულ სარეაბილიტაციო - სარესტავრაციო სამუშაოების დროს სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ეკლესიის სამხრეთის მინაშენის, საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე. სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს.

მათივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცდოცდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებთან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან. ახლო მომავალში კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოებს დაიწყებს, რაც ახალი აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობას მეტ სიცხადეს შესძენს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე სარესტავრაციო პროცესს 2015 წლიდან ახორციელებს. 2 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა. მიმდინარე წელს კი სარესტავრაციო პროცესზე, რომელიც კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება ფონდმა „ქართუმ“ აიღო. რეაბილიტაციის სამუშაოებს არქიტექტორ-რესტავრატორი თამაზ დვალი ხელმძღვანელობს, სარესტავრაციო პროცესი კი თამაზ დვალისა და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის თანაავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით ხორციელდება,“ - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა