ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას, ყოველგვარი წინაპირობების წაყენების გარეშე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, მუქარები და წნეხი შედეგის მომტანი არ იქნება.
„რეგიონის პრობლემები ყველა დაინტერესებულ მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, ყოველგვარი წინაპირობების წაყენების გარეშე. პროვოკაციები, წნეხი, შეურაცხმყოფელი და საბრძოლო რიტორიკა შედეგის მომტანი არ იქნება“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა განმარტა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის მხოლოდ წნეხის მეშვეობით გაჩერებაზე იმედის დამყარება მცდარი და უპერსპექტივო მოსაზრებაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე, რომელიც ბოლო დროს გაუარესდა, მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე მერყეობს.