თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სკოლა და ბაღი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ, საქართველოს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გერმანული სკოლის გამგეობის თავმჯდომარე საშა ტენესიმ გახსნეს.

„ჩვენს განათლების სისტემას შეემატება ძალიან კარგი გემანული სკოლა. ღირსშესანიშნავია ის ფაქტი, რომ თავისთავად, გერმანული დონის განათლება იქნება. ყველაზე დიდი იმედი მშობლისთვის არის ის, რომ მოსწავლეები გაიზრდებიან სწორი ფასეულობებით და კარგი განათლებით. მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ამ პროექტს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„7 წლის შემდეგ ახალი შენობა გვაქვს. ძალიან სწრაფად განხორციელდა მშენებლობა. ისტორიულია ის, რომ პირველ კლასში შედის 25 მოსწავლე. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს განათლების სფეროს რაიმეს შევმატებთ და იმედი გვაქვს, ჩვენი განათლების სტანდარტი ყველას მოეწონება“, - განაცხადა საშა ტენესიმ.

გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული, თანამედროვე სასკოლო კამპუსი ბაგებში გამწვანებულ ადგილას მდებარეობს და მას დიდი გარე ტერიტორია გააჩია.

2017-2018 სასწავლო წელს ახალი შენობა სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს იღებს. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის დეკემბერში სკოლის კავშირს 8300 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია იმ პირობით გადასცა, რომ იქ გერმანული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდებოდა. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.

სკოლა საქართველოში მოსწავლეებს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით სთავაზობს. პარალელურად, სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. იგი ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. იგი არ არის მოგებაზე ორიენტირებული და ფინანსდება მშობლებისგან მიღებული სასკოლო გადასახადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო სახსრებითა და შემოწირულობებით. ამჟამად სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები პირველიდან მე-8 კლასამდე და ყოველწლიურად მას ერთი კლასი ემატება. გერმანულენოვან საბავშვო ბაღში, რომელიც სკოლას ეკუთვნის, 60 ადგილია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის