საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ააიპ ,,ფრემას" კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად განიხილება. დავის საგანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 265-ე მუხლები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო ნორმა აწესრიგებს ქონებაზე დადებული ყადაღის დადასტურების საკითხის განხილვის წესს იმ შემთხვევისთვის, თუკი არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან არ ეძლევა საქმის განხილვის შესაძლებლობა ზეპირი მოსმენით. ამასთანავე, სადავო რეგულაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება. მოსარჩელის აზრით, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, რაც გაუმართლებლად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას.