პარლამენტის შენობის წინ “პატრიოტთა ალიანსის” საწინააღმდეგო აქცია აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლუკა გვაზავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, მათ სამართალდამცველებმა სთხოვეს, არ მისულიყვნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები აქციას მართავენ. გვაზავას განცხადებით, მათ უნდოდათ სიმბოლურად მოშიმშილეების თვალწინ ეჭამათ და მათი იდეოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატათ. კონტრაქციის ორგანიზატორის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ცდილობს პრორუსული იდეოლოგიის დამკვიდრებას, რაც მათთვის მიუღებელია.
“ჩვენ ფეისბუქგვერდზე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი და შევკრებილიყავით ის ადამიანები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით პრორუსულ იდეოლოგიას. ჩვენ პროტესტი გვინდა გამოვთქვათ იმ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” ითხოვს, ეს არის პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოთხოვნა, ადრე თუ გვიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა მოშიმშილეების მიმართ და სიმბოლურად მათ თვალწინ ვაპირებდით ჩურჩხელის ჭამას, რადგან ჩვენ ვართ ქართველები და ჩურჩხელა არის ქართული. თუმცა სამართალდამცველებმა გვთხოვეს, არ გადავსულიყავით მათ სიახლოვეს და ჩვენ ვემორჩილებით მათ თხოვნას, ამიტომ დღეს აქციას აღარ გავმართავთ”, - განაცხადა ლუკა გვაზავამ.
პარლამენტის შენობის წინ კვლავ იმყოფებიან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ არანაირ პროვოკაციას არ აჰყვებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავენ.