სოფო კილაძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, სოფო კილაძემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

„სოფო კილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, მათ შორის, საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ინსტრუმენტების რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მისივე თქმით, ამ მექანიზმის საფუძველზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე, გაეროს ბავშვთა კონვენციასა და ოქმებზე, შშმ პირებზე, გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციებთან მიმართებით. აღნიშნული საკომიტეტო მოსმენების საფუძველზე, პარლამენტმა გასცა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრა, ასევე, იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვის კოდექსსა და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმაზე.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სოფო კილაძის ვიზიტი ხორციელდება ჟენევაში გაეროსა და სხვა ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, შალვა ცისკარაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის