ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა და კარანტინი გამოცხადდა. სასწავლო პროცესი დღეისათვის 12-ვე საბავშვო ბაღშია შეწყვეტილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბოლნისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ განაცხადა, საწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს, ამის მიზეზი კი ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული ენტეროვირუსისა და ნაწლავური ინფექცია - შიგელოზის შემთხვევები გახდა.

„პირველი შემთხვევა 15 სექტემბერს დაფიქსირდა ბოლნისის #1 საბავშვო ბაღში და იმავე დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში. რამდენიმე ბაღში იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ შემდგომი დღეების განმავლობაში მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში იმატა, თუმცა მხოლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არ იყვნენ, იყვნენ ისეთი ბავშვები, რომელთაც არა აქვთ შეხება საბავშვო ბაღთან. ჩვენ ჩავრთეთ ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური, აიღეს ფეკალური ნიმუშები, რომელიც წაიღეს ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში და ,,ლუგარის“ ლაბორატორიაში გადაიტანეს ანალიზისათვის და ერთი კვირის განმავლობაში ველოდებოდით პასუხებს. პარალელურ რეჟიმში ამ პროცესში ჩართული იყო სურსათის ეროვნული სააგენტო. პარასკევს მივიღეთ „ლუგარის ლაბორატორიის“ დასკვნა, სადაც 24 ნიმუშიდან სამ ბავშვს ენტეროვირუსი და 9 ბავშვს „შიგელოზი“ - ნაწლავური ინფექცია აღმოაჩნდა“, - განაცხადა ლელა გოგმაჩაძემ.

მისივე თქმით, თავდაპირველად ანალიზისათვის, როდესაც ფეკალური მასა აიღეს არ გამომჟღავნდა არაფერი და შემდეგ დამატებით სწრაფი ტესტი ჩატარდა, სისხლი აუღეს 9 ადამიანს, მათ შორის სამი იყო უფროსი და 6 ბავშვი, რადგან უფროსი ასაკის ადამიანსაც ჰქონდა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმფტომები.

„ 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ბაღები დავკეტეთ და დღეს სადეზინფექციო საშუალებების გაზრდილი დოზით მოხდა მთელი შენობის, ინვენტარის, სათამაშოების, ჭურჭლის, ფარდების, თუკი რაიმე არსებობს საბავშვო ბაღში ყველაფრის დეზინფიცირება და დამუშავება“, - განაცხადა ლელა გოგმაჩაძემ.

ბოლნისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელების დინამიკას დააკვირდებიან და თუ შემცირდება, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 2 ოქტომბრიდან 12-ვე ბაგა-ბაღში განაახლებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია