საკრებულოსთან აქციაზე დაკავებული ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი თბილისის სამმართველოში იმყოფება.
როგორც კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, აქციაზე პოლიციის მხრიდან მისი მეუღლის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ ”ძალიან უხეში დამოკიდებულება იყო” და ის თავის მეუღლეს გამოესარჩლა.
”ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, დიღომში, არ ვიცი რას მედავებიან. აქციაზე უცებ წრე დამარტყეს, ძალიან დიდი ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში. ჯერ გადამიყვანეს თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, ახლა მოვედით ქალაქის სამმართველოში. არ ვიცი რას მედავებიან, ალბათ იმას, რაც ხდებოდა ქალაქის საკრებულოს წინ, როდესაც დეპუტატებს არ უშვებდნენ შენობაში. პოლიციამ დაიწყო ძალადობა მოქალაქეების წინაშე, კერძოდ, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელიც არის ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს გამოვესარჩლე. ვცდილობდი პოლიციელები მომეშორებინა მისგან, ალბათ ისინი ამ ფაქტმა გაანაწყენა”, - განაცხადა კოტე იოსელიანმა. მისივე ინფორმაციით, ის ჯერ ადვოკატს არ დაკავშირებია.
როგორც კოტე იოსელიანმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოსთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ორი პირი დააკავეს.