თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა „უნი-ვერსია“ რეგიონულ ტელევიზიებში გავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი „უნი-ვერსია“ 14 ოქტომბრიდან საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გავა და თსუ-ს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის, რომელსაც თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მოაწერეს ხელი.

„შეთანხმებისამებრ, უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემები განთავსდება ტელეკომპანიებში „რიონი“, „TV გურია“, „მეცხრე ტალღა“, „დია“, „ფარვანა“, „მარნეული TV“, „გურჯაანი TV“, „ჯიხა TV“, „TV 25“, „ოდიში“, „ეგრისი TV“, „არგო TV“.

გადაცემათა ციკლის ეთერში განთავსებისთვის მზაობას აცხადებენ, ასევე, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, გურიის, ფოთის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ის არხებიც, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები აღარ არიან.

ასევე, მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია