თბილისი მარათონში 2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მარათონი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება.
როგორც ბანკში განმარტავენ, თბილისი მარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება.
„ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ვითიბი ბანკი“ თბილისი მარათონის პარტნიორი წელს პირველად გახდა.