ალექსანდრე თვალჭრელიძე - ლარის გაცვლითი კურსის მდგრად დასტაბილურებას იანვრის მეორე ნახევარში ვვარაუდობ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ლარი განაგრძობს გაუფასურებას. ოპოზიცია ლარის გაუფასურების მიზეზად ბიუჯეტის დაუბალანსებლობას, ხაზინის ნაშთებზე არსებული ფულით ასეული მილიონი ლარით კომერციული ბანკების დაკრედიტებას, ბიუჯეტის ხარჯვის გეგმიდან ჩამორჩენას და ასევე იმას მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უპრეცედენტო მოცულობით ზრდის სესხების რეფინანსირებას და მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დუმილს ამჯობინებს...

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ლარის გაუფასურების მიზეზებზე ოპოზიციის არგუმენტები?

- ჯერ ძალიან მცირე დრო გავიდა სერიოზული ანალიზისთვის, მოგეხსენებათ, ტენდენციების გამოსავლენად აუცილებელია სტატისტიკური კანონზომიერებების დადგენა, რაც ეხლა შეუძლებელია. ამიტომ ჩემს აზრს ვარაუდის დონეზე გაგიმხელთ, თანაც იმ პირობით, რომ შეიძლება ვცდებოდე.

არ მჯერა იმის, რომ ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების საჰეჯინგო პოლიტიკასთან ყოფილიყოს დაკავშირებული: ჰეჯინგის ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებელია ლარის გაცვლითი კურსის წინმსწრები პროგნოზი, რაც უწონასწორობის პირობებში ერთობ სახიფათოა

არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვლილა, ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ მოკლევადიანი ტენდენციები უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რომ წონასწორობა ლარისა და დოლარის თუ ევროს გაცვლით კურსებს შორის აღდგება, რა დონეზე - ეს სხვა საკითხია.

არ მჯერა იმისიც, რომ ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების საჰეჯინგო პოლიტიკასთან ყოფილიყოს დაკავშირებული: ჰეჯინგის ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებელია ლარის გაცვლითი კურსის წინმსწრები პროგნოზი, რაც უწონასწორობის პირობებში ერთობ სახიფათოა. ლარის გაუფასურება უცხოური ვალუტის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, ვიმეორებ, დაუმტკიცებელი ვარაუდით, ჩვენ შემდეგ მოვლენებთან გვაქვს საქმე.

არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად ქვეყანაში ბევრი ფული შემოდინდა და მე გულახდილად ვეჭვობ, რომ აუდიტის სამსახურს ამ თანხების სრული აღნუსხვა მოეხერხებინოს. არჩევნების შედეგები ჩვენ ყველამ ვიცით და ბევრ პოლიტიკურ პარტიას, აქ არ დავასახელებ მათ, მეორე ტურისთვის გამიზნული სახსრები დარჩა გამოუყენებელი. ამჟამად ამ თანხების უცხოურ ვალუტაში სწრაფი კონვერტაცია და ქვეყნიდან გადინება მიმდინარეობს. მეორეც, ძალიან ბევრ შეძლებულ ადამიანს, რომლებმაც, ასე ვთქვათ, არასწორი პოლიტიკური ფსონი დადეს, გაუჩნდა შიშები, ვერ ვიტყვი, რამდენად გამართლებული, და ისინი თავიანთი აქტივების საზღვარგარეთ გატანას ცდილობენ. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი სახსრების უკრაინაში შეტანა ხდება.

მესამეც, სანამ ახლად არჩეული მერები თავის საქმეს არ შეუდგებიან და ადგილობრივი მეწარმეები არ გაეცნობიან „თამაშის ახალ წესებს“, მეტ-ნაკლები ინვესტირება საქართველოში არ არის მოსალოდნელი, ამიტომ ქვეყნიდან გადენილი სახსრები შემოტანილი ინვესტიციებით არ დაბალანსდება.

არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად ქვეყანაში ბევრი ფული შემოდინდა და მე გულახდილად ვეჭვობ, რომ აუდიტის სამსახურს ამ თანხების სრული აღნუსხვა მოეხერხებინოს... ამჟამად ამ თანხების უცხოურ ვალუტაში სწრაფი კონვერტაცია და ქვეყნიდან გადინება მიმდინარეობს

ყველაფერ ამას კიდევ წინასაახალწლო ციებ-ცხელება დაემატება. ამიტომ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მე ლარის გაცვლითი კურსის მდგრად დასტაბილურებას იანვრის მეორე ნახევარში ვვარაუდობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ ჩემი აზრის სისწორეზე ან გაუმართლებლობაზე ვისაუბროთ.

- ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ”ლარის დევალვაცია ხანმოკლეა”, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ განმარტებებს დამაჯერებლობა აშკარად იმის გამო აკლია, რომ ლარის დევალვაცია კვლავაც გრძელდება.

თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ლარის გაუფასურება არა მარტო შეჩერდეს, არამედ ლარის გამყარების ტენდენცია მივიღოთ?

- მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს დამაჯერებლობა იმიტომ კი არ აკლია, რომ ეს განცხადებები არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ბატონი გახარია მხოლოდ განცხადებებს აკეთებს და არ უხსნის მოსახლეობას, რა დაემართა ლარს. ნუ ჰგონია, რომ მოსახლეობა მას ვერ გაუგებს. კარგმა სპეციალისტმა მესამეკლასელსაც კი შეუძლია აუხსნას, მაგალითად, ფარდობითობის თეორია.

- ადგილობრივი არჩევნები დასრულებულია და მისი შედეგებიც ცნობილია. ადგილობრივი არჩევნების შედეგები მრავალი თვალსაზრისით გახლდათ საინტერესო.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებსა და არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბებულ რეალობას?

- ჩემთვის არაფერი საინტერესო არ მომხდარა: არჩევნების წინაც მე ვაცხადებდი, რომ ჯერ ერთი ეს არჩევნები ნაკლებ ინტერესს გამოიწვევდა მოსახლეობაში და მეორეც - მისი შედეგები აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო. არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი და ეხლა უკვე ბატონი რამაზ საყვარელიძის მოსაზრება, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია ცენტრისტული პოლიტიკური ძალა - რღვევა, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობასა“ და ეხლა უკვე „ევროპულ საქართველოს“ შორის აღუვსებელია.

ამ ბოლო პოლიტიკურმა ძალამ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები კი არ გადმოიბირა, არამედ „ნაცმოძრაობას“ წაართვა ხმები. „პატრიოტთა ალიანსმაც“ თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რაც მისი აშკარად პრორუსული პოლიტიკით შეიძლება აიხსნას.

”ევროპელმა დემოკრატებმა” „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები კი არ გადმოიბირეს, არამედ „ნაცმოძრაობას“ წაართვეს ხმები. „პატრიოტთა ალიანსმაც“ თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რაც მისი აშკარად პრორუსული პოლიტიკით შეიძლება აიხსნას

გავიხსენოთ, როგორ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 2012 წელს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იმ პერიოდში მოახერხა ყველა რეიტინგული ოპოზიციური ძალის გაერთიანება. სანამ ეს კიდევ ერთხელ არ მოხდება, ჩვენ განწირული ვიქნებით ვიცხოვროთ ამჟამინდელ სიტუაციაში. რესურსი კი დიდია - ამომრჩეველთა 55%. ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად მართალია ბატონი რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ძველი ურეიტინგო პოლიტიკოსები ჩვეულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდნენ. მაგრამ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ლიდერობა გვინდა...

- ”პატრიოტთა ალიანსმა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა იმ მოტივით მოითხოვა, თითქოს კვირიკაშვილი ბოკერიას გაურიგდა. არჩევნების გაყალბებაზე ასევე საუბრობს ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ქალბატონო ნინო ბურჯანაძე. მათი უკმაყოფილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ”ნაცმოძრაობამ” და ”ევროპელმა დემოკრატებმა” ხელისუფლების მთავარი ოპონენტების პოზიციები შეინარჩუნეს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციონერ ლიდერთა პრეტენზიები?

- ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ბევრად ადვილია ჩვენი წარუმატებლობა სხვას გადავაბრალოთ, ვიდრე ფიასკოს მიზეზი ჩვენ თავში ვეძებოთ.

ეხლა მიპასუხეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ბატონ კვირიკაშვილსა და ბატონ ბოკერიას შორის გარიგება - მე ყველაფერი და შენ არაფერი?

როგორი უნდა ყოფილიყო ბატონ კვირიკაშვილსა და ბატომ ბოკერიას შორის გარიგება - მე ყველაფერი და შენ არაფერი? „ევროპულმა საქართველომ“ ხომ ამ არჩევნებში მეორე შედეგი ვერ აჩვენა

„ევროპულმა საქართველომ“ ხომ ამ არჩევნებში მეორე შედეგი ვერ აჩვენა. მეც შემიძლია, მაგალითად, მოგიწოდოთ გადადგეთ თანამდებობიდან, დამიჯერებთ? საერთოდ, ასეთი მოწოდებები ხავსმოკიდებული კლიშეებია და ჩემში ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. პოლიტიკოსებს ფიქრი და ახალი რეალიების შექმნა უჭირთ.

- ამომრჩევლების პასიურობის ფონზე დამკვირვებელთა ნაწილი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსულ ძალებად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას პროგნოზირებენ. მათივე მტკიცებით, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე გააქტიურებული არიან არა მარტო შეფარულად პრორუსული პარტიები, არამედ რადიკალებიც და ისეთებიც, რომლებიც რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ღიად უჭერენ მხარს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ე.წ. პრორუსული ძალები საკმაოდ გაძლიერებულები შეხვდებიან?

- რუსეთის ქმედებებმა აფხაზეთში და 2008 წელს წარმოშვა სიტუაცია, როცა ამ პროცესების ნეგატიური ზეგავლენა პრაქტიკულად ყოველ ქართველ ოჯახს შეეხო. ყოფილი, უკვე ხანდაზმული, ე.წ., მაპატიეთ სლენგისთვის, „ცეხავიკებისა“ და ზოგიერთი პენსიონერის გარდა, საბჭოთა რეალობა არავის ენატრება.

2020 წლის არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვებას გამოვრიცხავ, თუ არა და მე პრორუსულ საქართველოში - ქვეყანაში, რომელმაც ეროვნული ღირსება დაკარგა, ცხოვრება არ მომინდება

საქართველოში ძალიან აქტიურია პროდასავლური სულისკვეთება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს ევროპასა და აშშ-ში. შვიდი თვის მანძილზე ას სამოც ათასზე მეტმა ადამიანმა (მეც, მათ შორის) უვიზო რეჟიმით ისარგებლა. საქართველოში სოციალურ არენაზე გამოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი არ უნახავთ და არასდროს ყოფილან რუსეთში. ამიტომ პრორუსული ძალების გამარჯვებას 2020 წლის აჩევნებში გამოვრიცხავ, თუ არა და მე პრორუსულ საქართველოში, ქვეყანაში, რომელმაც ეროვნული ღირსება დაკარგა, ცხოვრება არ მომინდება.

- კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ”საჭიროა პოლიტიკური და სოციალური საკითხების რადიკალური ცვლილება”.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად მზადაა ქვეყნის მმართველი გუნდი რადიკალური ცვლილებები განახორციელოს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ თვალსაზრისით რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდით?

- არა მგონია, რომ ხელისუფლებამ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგას: რადიკალიზმი ყოველთვის სოციალურ არეულობას იწვევს, ხოლო მთავრობა სტაბილურობაზე ზრუნავს.

არა მგონია, რომ ხელისუფლებამ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგას: რადიკალიზმი ყოველთვის სოციალურ არეულობას იწვევს, ხოლო მთავრობა სტაბილურობაზე ზრუნავს

მე რომ ვიყო კვირიკაშვილი, ჩვენი ეკონომიკის თანმიმდევრულ და ძალიან სწრაფ რეფორმირებას განვახორციელებდი. ასეთი მოდელი შემუშავებული მაქვს და ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია.

- მმართველმა გუნდმა პარლამენტში ახლად მიღებულ კონსტუტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირება მოახდინა. ამ პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ახალი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება და ეხება ბონუსის გაუქმებას 2024 წლიდან, ბლოკების დაშვებას ერთჯერადად 2020 წელს, რელიგიის თავისუფლების მუხლის კორექტირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის კორექტირებას არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

თქვენ როგორ შეფასებდით ახალი ცვლილებებს და იმას, თუ როგორ გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესი?

- მე მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად კეთდება. თქვენთან წინა ინტერვიუში განვაცხადე, რომ ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ამის სოციალური აუცილებლობა დგება და ამ პროცესს ვერც ბონუსების სისტემა, ვერც ბლოკების არსებობა ან არარსებობა და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი ვერ შეაჩერებს.

- ცნობილი გახდა, რომ 7 თვეში ევროკავშირში უვიზოდ 90 დღიანი ყოფნის ვადა საქართველოს 161 885 მოქალაქიდან, სავარაუდოდ, 9875-მა დაარღვია. გასაგებია, რომ ჯერჯერობით, გასულ მოქალაქეთა მხოლოდ 6%-ი არ დაბრუნებულა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან ქვეყანას სავარაუდოდ ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანები ტოვებენ.

სამწუხაროდ, ეს ხდება მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და ქვეყანაში ინვესტიციები აშკარად იზრდება. პრემიერ კვირიკაშვილის მტკიცებით, ”საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერია”.

უხისტესი სავიზო რეჟიმის პირობებში ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მეჩვენება, რომ ეს პროცესი დასრულებულია. მეჩვენება რომ მალე ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში დაბრუნებულებით დაბალანსდება

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ ასეა, თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება მოსახლეობის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული ნაწილის დასაქმება?

- საქართველოს ტოვებენ ის ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთ ცხოვრება უნდათ და ამ პროცესს ვერავითარი დაბრკოლებები ვერ შეაჩერებს. უხისტესი სავიზო რეჟიმის პირობებში ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მეჩვენება, რომ ეს პროცესი დასრულებულია.

მეჩვენება აგრეთვე, რომ მალე ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში დაბრუნებულებით დაბალანსდება. ახალგაზრდებს კი ძალზე მაღალხელფასიანი სამსახური უნდათ. გამოუცდელი მოქალაქეებისთვის ასეთი არ არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ მსოფლიოში. ქვეყნიდან გასულები ამაში ძალიან მალე რწმუნდებიან.

თავისი წარმატებული კარიერა საზღვარგარეთ ქართველების ყველაზე ბეჯითმა, ჭკვიანმა, ნიჭიერმა და იღბლიანმა უმნიშვნელო ნაწილმა თუ მოახერხა. ბევრი კი „ქართულ მაფიას“ შეუერთდა და ახლა დროს გისოსების მიღმა ატარებს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო