უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. გაბედავამ წინასწარი დაკავების იზოლატორი შესაძლოა დღესვე დატოვოს.
გიორგი გაბედავა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ეკავა პლაკატი, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა გაბედავას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. მან სამართალდამცავებს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მისგან პლაკატის შენახვას, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.
თავდაპირველად გიორგი გაბედავას შს სამინისტროს შენობასთან მიტანილი ჰქონდა საბურავები, რომლის დაწვასაც აპირებდა, თუმცა, როგორც გაბედავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავებმა მას საბურავები წაართვეს.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. ასევე, ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"