შოტლანდიაში არსებული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში ე.წ. აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში დაღუპული აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟი მოხდება. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა დაუდასტურა.

„ინფორმაცია ამ მემორიალის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. საერთოდ საქართველოს საელჩოს და ზოგადად ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველა საშუალების გამოყენება, რათა დაუპირიპირდეს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, პროპაგანდა გაუწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით გამოყენებულია მრავალი საშუალება, ეს იქნება სიმბოლიკების გამოყენება, სტატიების გამოქვეყნება, კერძო კომპანიების თანამშრომლობა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების თანამშრომლობა და ა.შ. ჩვენი ამოცაანაა, აღმოვაჩინოთ ასეთი შემთხვევები და გავანეიტრალოთ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, აქტიური დიალოგით ყველა მხარესთან, განვმარტოთ, იმიტომ, რომ ხშირად ინფორმაცის ნაკლებობაა ხოლმე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამ მიმართულებით ბრიტანელი პარტნიორები ტრადიციულად ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს და ეს გამოიხატება ჩვენი თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ ლონდონიდან, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროდან და ასევე, შოტლანდიაში ადგილობრივი ხელისუფლებისგან. პირველ რიგში ჩვენ განვუმარტეთ სიტუაცია (ისტორიული ექსკურსიც საჭირო გახდა) და რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ადგილზე არსებული მდგომარეობა. ერთი თვის წინ იყო ჩემი ვიზიტი შოტლანდიაში, სადაც შეხვედრები გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარლამენტში და სხვა თემებთან ერთად ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ. ჩვენ მივიღეთ შეპირება, რომ შოტლანდიის ხელისუფლება დაელაპარაკებოდა ადგილობრივ მთავრობას ქალაქ კილნმარნოკში, განუმარტავდა სიტუაციას. მათ სრულად მიიღეს ინფორმაცია, გაიზიარეს ის მიდგომა, რაც ზოგადად აქვს ბრიტანულ სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ადგილობრივმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მონუმენტის დემონტაჟის შესახებ. ეს არის ნამდვილად კარგი შედეგი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ ნდობის და თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს პარტნიორებთან, ასეთი ფაქტები აღმოვაჩინოთ და გავანეიტრალოთ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ელჩის თქმით, აღნიშნული მემორიალი სავარაუდოდ, 1993-1996 წლების პერიოდში არის აღმართული - ზუსტი თარიღს ქალაქ კილნმარნოკის ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ ასახელებენ, ვინაიდან ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები შეიცვალნენ. თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია თითქოს კილნმარნოკი სოხუმთან დაძმობილებული ქალაქი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა