მიხეილ გიორგაძე - დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროს გუნდის კულტურის სამინისტროსთან შერწყმის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის

კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების გამო მინისტრი მიხეილ გიორგაძე კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სამინისტროების გაერთიანების შესახებ ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ორი სამინისტროს გაერთიანების გამო გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება, თუმცა იგი ამ მომენტისათვის ვერ აკონკრეტებს, რა პროცენტით შემცირდება კადრები.

„როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება. სკულპუროზულად არის გასავლელი ეს საკითხი და სავარაუდოდ, პარლამენტის მიერ სამინისტროების ახალი ხელმძღვანელების დამტკიცებამდე უკვე გვეცოდინება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ არის მისთვის ცნობილი სად გააგრძელებს სპორტის ყოფილი მინისტრი საქმიანობას, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ არ იცის.

„ის მინისტრები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში პოზიციებს აღარ დაიკავებენ, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან. რომელი მინისტრი დარჩება თანამდებობაზე, ეს პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად, მათ შეთავაზებას პრემიერი გაუკეთებს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ ასევე ისაუბრა გაერთიანებულ სამინისტროში კულტურისა და სპორტის მიმართულებების თანაბარი განვითარების შესაძლებლობებზე. მისივე თქმით, სამინისტროს სტრუქტურა ამ ხედვიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება.

„მოადგილეებს შორის გარკვეული სპეციალიზაცია მოხდება, როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროში არსებული გუნდის კულტურის სამინისტროსთან ორგანული შერწყმა მოხდება და ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ საბოლოო სტრუქტურაზე ჩამოვყალიბდებით და მაშინ მზად ვიქნები გიპასუხოთ. მხოლოდ მოადგილით ან მოადგილეებით ეს შერწყმა არ შემოიფარგლება. სპორტის სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ და მათი გამოცდილების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას სპორტში მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.

„ეს აღებული მაღალი ტემპი აუცილებლად შენარჩუნდება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორ სფეროს თანაბარი განვითარების საშუალება ექნება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა