OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პირველ ტურთან შედარებით ხმის დათვლის პროცედურების დაცვა აშკარად გაუმჯობესდა. სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, ეს გამოწვეული იყო ნაკლებად რთული პროცესით და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების უკეთესად მომზადებით.
”კენჭყისყრის პროცედურები შეუფერხებლად და პროფესიონალურად განხორციელდა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნული პროცედურები დადებითად შეაფასეს. პირველ ტურთან შედარებით ხმის დათვის პროცედურების დაცვა აშკარად გაუმჯობესდა, რაც ნაკლებად რთული პროცესით და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების უკეთესად მომზადებით იყო განპირობებული”, - ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება მედიას, წინასწარი დასკვნის თანახმად, მედია მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესწილად მეორე ტურის ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის იგნორირებას ახდენდა, თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება ამომრჩევლებს საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
”მედიის მარეგულირებელი ორგანოდან მიღებული მითითებების შესაბამისად, მაუწყებლებმა უფასო საეთერო დროის გამოყოფა და ფასიანი საარჩევნო რეკლამების შეთავაზება მხოლოდ 2 ნოემბრიდან დაიწყეს, რამაც კანდიდატებისთვის მედია კამპანიის წარმოების შესაძლებლობა შეზღუდა. მეორე ტურის გაშუქება უფრო მეტად შესამჩნევი კენჭისყრის დღემდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე გახდა, გაშუქების მხრივ მთავარ მაუწყებლებზე მმართველი პოლიტიკური ძალა ”ქართული ოცნება” დომინირებდა. სამოქალაქო საზოგადოების 29 ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთავრობასთან დაკავშირებული პირებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მზარდი ზეგავლენა დაგმო”, - აღნიშნულია წინასწარ დასკვნაში.