საქალაქო სასამართლო „ციანიდის საქმეზე“ ომბუდსმენის ანგარიშზე - უჩა ნანუაშვილი პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული დასკვნა არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.

სასამართლოს შეფასებით, ნანუაშვილის ანგარიშში სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებებია გაკეთებული.

„სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა. სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა.

სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს