სატყეო საქმის სპეციალისტის განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

მიმდინარე წელს პროფესიული სასწავლებლები სატყეო საქმის სპეციალობის სწავლებას განახლებული პროგრამით იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას ისახავს მიზნად, ითვალისწინებს ტყის მართვის პროცესში შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების სავალდებულო მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ პროფესიის მქონე კადრზე მოთხოვნას და ეს მოთხოვნა მზარდი იქნება სექტორის განვითარების პარალელურად.

გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სატყეო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით.

შემუშავებულია სატყეო განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის, რომელიც მოიცავს ყველა საფეხურის განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოხდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით.

განხორციელდა შერჩეული კოლეჯების ტექნიკური მხარდაჭერა და აღიჭურვა იმ საჭირო ინვენტარით რაც აუცილებელია ამ პროფესიის ეფექტური სწავლებისათვის გადამზადნენ მასწავლებლები, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო დაწესებულებებსა და სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთერთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას.

2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის დაწყების ღონისძიებას საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის მრჩეველი გერჰარდ შაუმბერგერი, გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, GIZ პროგრამის - ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში დირექტორი ჰანს იოახიმ ლიპი ესწრებოდნენ.