”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, როგორც დაზარალებულის მხარის წარმომადგენელი, ითხოვდა და ითხოვს შესწავლილ იქნას კლინიკა „ლანცეტში“ განხორციელებული უკანონო ტრანსპლანტაციის არაერთი ოპერაცია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა, ”ლანცეტში”, ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახის ინტერესების დამცველმა, ნესტან ლონდარიძემ განაუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” და თავის მხრივ, დაზარალებულები, მხარს უჭერენ წარდგენილ ბრალდებას და სამართლიანობის დადგენას სასამართლოს ანდობენ.
”30 ნოემბერს კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელის - ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, გარდაცვლილ გიორგი ჩუბინიძის მეუღლე. ბრალდებულის ადვოკატის მიერ მოწმის მიერ პროცესზე მიცემულ ჩვენებას მედიაში გაჟღერდა არასწორი განმარტება, სწორედ ამიტომ გვინდა წარმოგიდგინოთ დაზარალებული მხარის პოზიცია მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მოწმემ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას არანაირი პირადი დაინტერესება ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის მიმართ არ გააჩნია, პირიქით ტრანსპლანტაციის ოპერაციის განხორციელებამდე იგი მისთვის ღმერთივით იყო, ვინაიდან მეუღლის სიცოცხლე ანდო, თუმცა კლინიკა ”ლანცეტში” ოპერაციის განხორციელებისას და ასევე დოკუმენტაციის ნახვისას იმდენი დარღვევა დაინახა, რომ გადაწყვიტა ებრძოლა სიმართლის დადგენისათვის. გარდაცვლილის მეუღლემ სწორედ ამიტომ მიმართა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს”. სიმართლის დადგენა მან სამართალდამცავ ორგანოებს მიანდო. მისი ეს პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია, ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” სწორედ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. განცხადების საფუძველზე კი ქ. თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, როგორც დაზარალებულის მხარის წარმომადგენელი, ითხოვდა და ითხოვს შესწავლილ იქნას კლინიკა „ლანცეტში“ განხორციელებული უკანონო ტრანსპლანტაციის არაერთი ოპერაცია, პასუხისმგებლობა დადგეს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო უკანონო ოპერაციების წარმოებაში. შესაბამისად, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” და თავის მხრივ, დაზარალებულები, მხარს უჭერენ წარდგენილ ბრალდებას და სამართლიანობის დადგენას სასამართლოს ანდობენ”, - აცხადებს ადვოკატი.