წიგნის „ვიტალი დარასელია 60“ პრეზენტაცია გაიმართა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60“ - პრეზენტაციას უმასპინძლა.

წიგნის შემდგენელი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლაშა გოდუაძეა. „ვიტალი დარასელია 60“ ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია. წიგნში თავმოყრილია ფოტოები ვიტალი დარასელიას არქივიდან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

წელს 35 წელი სრულდება ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებიდან. თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთზე, სოფელ უბისასთან მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.

„ეს წიგნი დიდი სიყვარულით იქმნებოდა. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით 60 წლის იუბილე ბატონ ვიტალისთან ერთად რომ აღგვენიშნა, მაგრამ რა გაეწყობა, მომხდარს ვერ შევცვლით. ახლა ისღა დაგვრჩენია ასეთი ადამიანების ხსოვნას წიგნებით მაინც მივაგოთ პატივი. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წიგნის მომზადებაში დაგვეხმარა: პირველ რიგში ვიტალი დარასელიას შვილს, ქრისტინას, რომელმაც უშურველად დაგვითმო ოჯახის არქივი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა ეს პროექტი“, - განაცხადა წიგნის შემდგენელმა ლაშა გოდუაძემ.

„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს რამდენიმე კარგი წიგნი გამოსცა და სპორტული კუთხით ძალიან წარმატებული წლის მიწურულს კიდევ ერთი გამოცემით გაგვახარა - ეს წიგნი, რომელიც ყველას საჩუქრად გადმოგეცათ, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას ეძღვნება. თუ როგორი ფეხბურთელი იყო დარასელია და რა ღვაწლი მიუძღვის თბილისის დინამოს და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. მას მხოლოდ ერთი სიტყვით მოვიხსენიებ - ლეგენდა! ვიტალი დარასელია სწორედ ასეთად შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, საქართველოს. ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი სახელოვანი წარსულის ჯეროვანი დაფასების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ, ასეთი გამოცემები საამისოდ მისწრებაა“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გამოცემის და ვიტალი დარასელიას შესახებ ისაუბრეს დავით მუჯირმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, ლეგენდარული დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და ქრისტინე დარასელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია