„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი - კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოს ახლა მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა იმის შესახებ, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი

კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოს ახლა მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა. შარაშიძე ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადება როგორც გამოძიების, ასევე დავების განმხილველ ორგანოებზე ზეგავლენას მოახდენს. მისივე თქმით, კომპანიას საჩივრები როგორც კონკურენციის სააგენტოში, ასევე სასამართლოში აქვს შეტანილი და მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ.

„პრემიერმა განაცხადა ის, რომ გადადგება, თუ კარტელური შეთანხმებები აღმოჩნდება მართალი. ასევე განაცხადა, ის რომ გაეცნო გუშინდელ განცხადებას და ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ჩვენი განცხადებები არის უსაფუძვლო. ეს ძალიან საწყენი ფაქტია, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია სასამართლოში უკვე შეტანილი გვაქვს სარჩელი, ასევე შეტანილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოში და არ გვინდა პირდაპირ დირექტივებად მიიღოს ეს ან კონკურენციის სააგენტომ ან სასამართლომ. დღესდღეობით ხადურის უწყებას უკვე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, არა იმაზე, თუ ვინ არის კარტელურ გარიგებაში და ვინ არა, არამედ გადადგეს თუ არა პრემიერი. ეს მგონია, რომ ცოტა ემოციური განცხადებაა, რომელიც ზეწოლად იქნება აღქმული, თუნდაც ხადურის უწყების მიმართ და თუნდაც სასამართლოზე. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პრემიერის განცხადება არ იქნება აღქმული დირექტივად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, იმაზე უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორმა.

მისივე თქმით, ყველა ფაქტზე, რომელიც მოყვანილია კარტელურ გარიგებებზე, ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან. გიორგი შარაშიძემ ასევე შესყიდვების სააგენტოს მიერ, აღნიშნულ საქმეზე გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სააგენტოს განცხადებაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ვერ მოხვდა.

„როგორ შეიძლება ორგანო, რომელმაც 9 საჩივრიდან, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, 8 დაგვიკმაყოფილა და არანაირი ქმედება შემსყიდველებს ამ 8 გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენიათ, ამბობდეს - სრული უფლება გვქონდა დისკვალიფიკაცია მიგვენიჭებინა „სიტროენ ჯორჯიასთვისო“. სამწუხაროა, რომ ამ ვრცელ განცხადებაში სააგენტო არ იძახის, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს სწორედ მაშინ, როცა ის 8 მილიონიანი ტენდერი ტარდებოდა და შეიყვანეს შავ სიაში. ეს დისკვალიფიკაცია ჩვენ გავასაჩივრეთ შესყიდვების სააგენტოში და მოვიგეთ. ამის მერე ამოგვიღეს შავი სიიდან. ჩვენი მომწოდებელი არის საფრანგეთი. უმსხვილესმა კორპორაციამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, როდესაც უყურეს ამ უმსგავსობას, რაც ხდებოდა რეალურად, გადაწყვიტა კონტრაქტის შეჩერება. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ვეღარ შევძელით ჩვენ იმ სამ ხელშეკრულებაზე მომსახურება. ჩვენ პირველივე ტენდერით, რომელიც მოვიგეთ, მივაწოდეთ 10 მანქანა, იმის მიუხედავად, რომ თურქეთში მაშინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და ის ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა. 3 - დღიანი დაგვიანებით 10 მანქანა მივაწოდეთ 19%-იანი ფასის კლებით. ამ ყველაფრის ფონზე მაინც ამბობენ, რომ ოთხივე ტენდერი არაჯეროვნადაა შესრულებულიო“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "სიტროინ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

”თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.

გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა