ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2017

350 მილიონი - უკრაინას, საქართველო - სიის მიღმა...

რამდენად სწორად მიგაჩნიათ დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეზე საარჩევნო სლოგანის განთავსება?

როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტმკვლელობისგან

* * *

350 მილიონი - უკრაინას,  საქართველო - სიის მიღმა...

"აშშ-ის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ახალი ბიუჯეტიდან, რომლის საერთო მოცულობა 692 მილიარდი დოლარია, უკრაინა 350 მილიონ დოლარს მიიღებს, საქართველო კი ჩამონათვალში არ არის. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს აქვს გარკვეული კითხვები საქართველოს თავდაცვის უწყებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც სოლიდურ დახმარებას ვერ მიიღებს. რაც შეეხება უკრაინისთვის თანხის გადაცემას, ანალიტიკოსის აზრით, აშშ-მა ამ ნაბიჯით ფსონი პოროშენკოს ხელისუფლების სასარგებლოდ დადო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 350 მილიონი უკრაინას - საქართველო სიის მიღმა / აშშ-ის თავდაცვის ახალი ბიუჯეტის ახალი პრიორიტეტები.

"აშშ-მა თავდაცვის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის საერთო მოცულობა 692 მილიარდი დოლარია. აქედან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დაიხარჯება. 350 მილიონი დოლარი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადაეცემა. გარდა ამისა, დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო ახალი სისტემების შემუშავებაზე. რაც ნიშნავს, რომ ამით ამერიკა რეიგან-გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი, მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების შემცირებისა და აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის. მოგეხსენებათ, რომ აშშ რუსეთს აბრალებს ხელშეკრულების პირველად დარღვევას. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვევა, რაც კიდევ უფრო გაართულებს გეოსტრატეგიულ ბალანსს გლობალურ დონზე და კიდევ უფრო გაამძაფრებს ახალი ცივი ომის მიმდინარეობას", - ამბობს ვახტანგ მაისაია. ანალიტიკოსის ინფორმაციით, უკვე დამტკიცებული ახალი ბიუჯეტის თანხები ასევე მოხმარდება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სახელფასო ფონდების გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, აშშ პირველად უზრდის ხელფასებს თავის სამხედროებს. ასეთი რამ არ მომხდარა მთელი 15-20 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს იმასაც, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობაც გაიზრდება. დღეს მისი რაოდენობა, რეზერვისტების ჩათვლით, არის 1,4 მილიონი ადამიანი. ამერიკა ასევე გააგრძელებს მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების დაფინანსებასაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს", - აცხადებს მაისაია. კითხვაზე, რას ნიშნავს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის ამხელა თანხის გადაცემა და რა რეაგირება მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ამით აშშ-მა ფსონი პოროშენკოს ხელისუფლებაზე დადო. რაც შეეხება რუსეთის რეაგირებას, მისი თქმით, ამას მწვავე განცხადებები და დაძაბულობის მწვავე ფაზაში გადასვლა მოჰყვება", - დასძენს გამოცემა.

"აშშ-ის ბიუჯეტის ასე გადანაწილება საკმაოდ ბევრ რამეზე მინიშნებს. ამით აშშ-ის ადმინისტრაცია ფსონს დებს უკრაინაზე, რაც უკვე ნიშნავს, რომ აშშ-საც გაუჩნდა ის სიმულაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი ასრულებს სხვა ქვეყნის საშინაო დავალებებს. ამასთანავე, უკრაინისთვის ამხელა თანხის გადაცემა, რა თქმა უნდა, იქნება საკმაოდ დიდი გამოწვევა რუსული აგრესიისთვის. 350 მილინიონი დოლარის უკრაინისთვის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს პოროშენკოს ხელისუფლება მიაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია, გაატაროს რეალური თავდაცვითი ტიპის რეფორმები. შესაბამისად, ზოგიერთების მოსაზრებას, რომ პოროშენკოს ხელისუფლება შეცდომაა, ამაზეც აშშ-მა საკუთარი პასუხი გასცა. ამ საბიუჯეტო დოკუმენტზე ხელის მოწერამ დაამტკიცა თავისი პრიორიტეტები, თუ ვის ხელში მოხვდება ეს თანხა და ვის დაუჭერს მხარს აშშ-ის ადმინისტრაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"რაც შეეხება საქართველოს, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ახალ ბიუჯეტში ვერ მოხვდა, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა გახდა - "არ ვიცი, საქართველოზე რა დახმარება მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო არ იყო დაფიქსირებული რეციპიენტის სიებში. როგორც ჩანს, აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებში გააჩნიათ გარკვეული კითხვები ჩვენს თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ალბათ ეს არის თავდაცვის არასწორი მართვა, შეიარაღებული ძალების არცთუ ისე მაღლი დონის მომზადება, ის არეულობა, რომელიც ზოგადად თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება, ერთი ბრიგადის გაუქმება, თავდაცვის სტრუქტურებში ნეპოტიზმის არსებობა", - განმარტავს რესპონდენტი, რომლის თქმით, "ასევე ის, რომ საქართველოს არ აქვს ბალანსირებული შეიარაღებული ძალები", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩვენ არ გაგვაჩნია საზღვაო და საჰერო ძალები, - დავრჩით მხოლოდ სახმელეთო კომპონენტზე, რომელიც ასევე შევამცირეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი მოსაზრებაა, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს გააჩნია გარკვეული კითხვები ჩვენთან დაკავშირებით. მე მოხარული ვიქნები, თუ ვცდები. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ამისკენ მიგვანიშნებს", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეზე საარჩევნო სლოგანის განთავსება?

"თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის ლურ ჯერებში განათებასა და კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანის "სიცოცხლით სავსე ქალაქი" ამსახველი წარწერის გაკეთებას, როგორც ოპოზიციაში, ისე საზოგადოების ნაწილში, კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ "მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა უნდა შევეცადოთ, დედაქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი" - "ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონი, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, არც თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის თქმით, მას მგონია, რომ "მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - რამდენად სწორად მიგაჩნიათ დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეზე საარჩევნო სლოგანის განთავსება?

"დედაქალაქის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ადრე გადაცემაში ვთქვი, რომ ჩემი რჩეული არ მყავს-მეთქი. ეს იმიტომ კი არა, რომ მართლა არ მყავდა, უბრალოდ, სულ ვღელავ ხოლმე, არ მინდა, ჩემი ხალხი მოტყუებული დარჩეს და მე ჩემი ნათქვამის გამო პასუხისმგებლობა შემრჩეს. ამიტომ, თავი შევიკავე და ხმამაღლა არ ვთქვი ჩემი არჩევანი. მართლა ვგულშემატკივრობ კალაძეს, ახალგაზრდა კაცია და ეჭვი მაქვს, მოინდომებს, რომ რაღაც კარგი გააკეთოს. მაგრამ, პიარ-სამსახური რომ სწორად მუშაობდეს, ის აუცილებლად სწორ რჩევას მისცემდა. ეტყოდა, რომ საახალწლო ნაძვის ხეზე ერთი პარტიის სლოგანის გამოყენება დიდად სასურველი არ არის. ამას უნდა აკეთებდეს მუნიციპალიტეტის პიარსამსახური და უნდა იცოდეს, რომ ამგვარი რამით უბრალოდ ზედმეტად ღიზიანდებიან ადამიანები და რა საჭიროა? რომ არ მოგატყუოთ, ამაში ვერც დიდ დანაშაულს ვხედავ, მაგრამ მომგებიანი იქნებოდა და არც სალაპარკო გახდებოდა, მხოლოდ ნაძვის ხე რომ ყოფილიყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

"აბსოლუტურად დაუშვებელია ასეთი რამის გაკეთება. ეს არის საახალწლო ნაძვის ხე და არა - ბილბორდი, სადაც შეიძლება საარჩევნო სლოგანებისა და განცხადებების განთავსება. ეს, ელემენტარულად, არაპროფესიონალიზმია", - აღნიშნავს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"მე ვფიქრობ, "სიცოცხლით სავსე ქალაქი" მაინცდამაინც "ქართული ოცნების" სლოგანი არ არის. ეს არის ქალაქის განვითარების ხედვა, თუმცა პოლიტიკური ელფერი კი დაჰკრავს", - მიიჩნევს ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი.

"მე ვფიქრობ, საახალწლო ნაძვის ხეზე არავითარ შემთხვევაში არ უდა იყოს საარჩევნო სლოგანი იმიტომ, რომ ქალაქის მერი ამ წუთას არის არა რომელიმე ერთი პარტიის, არამედ მთელი საქართველოს წარმომადგენელი. შესაბამისად, ეს არ იყო საჭირო. მას სხვა ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ წარმოაჩინოს პარტიის სახე, მაგრამ არა - საახალწლო ნაძვის ხით", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტმკვლელობისგან

"ლურჯი ვეშაპი", "გაიქეცი და მოკვდი" - ეს იმ ონლაინ თამაშების ჩამონათვალია, რომლის აკრძალვა უახლოეს მომავალში შესაძლოა კანონმდებლობის საფუძველზე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ამზადებს, რომელსაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავრცელებული საშიში ინტერნეტთამაშების რიცხვს ახალი თამაში "გაიქეცი და მოკვდი" შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის მიზანია მოზარდმა მოახერხოს რაც შეიძლება ახლოს გადაურბინოს მოძრავ ავტომობილებს. ფაქტის დასადასტურებლად კი საჭიროა ფოტოს ან ვიდეოს გადაღება. თამაშმა "ლურჯი ვეშაპი" კი, არსებული ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე მოზარდის სიცოცხლე შეიწირა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტმკვლელობისგან.

"მაგალითად, 1 სექტემბერს, თბილისში, მოზარდი გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა. მანამდე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა გლდანში, მოზარდი ბიჭი კორპუსის სახურაზე ავიდა და იქიდან გადმოხტა. Oრივე შემთხვევაში ოჯახები ეჭვობენ, რომ მოზარდები თამაშების მსხვერპლნი გახდნენ. ასევე 31 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, სავარაუდოდ "თამაშის" მონაწილე შვიდმა მოსწავლემ, თვითდაზიანება მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ყველაფერზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ საქართველოში ამ თამაშის შემოსვლის შესახებ. მაგრამ ფაქტია, მოზარდებში სუციდის შემთხვევებმა იმატა. "როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან" - ამ თემაზე კი საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად, "გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის და პარლამენტში მის ინიციარებას მალე მოახდენს", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ - "ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. ცვლილებები შედის "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება", - აცხადებს ხუნდაძე, რომლის განმარტებით, ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას", - თქვა ხუნდაძემ, რომლის ინიციატივას დადებითად აფასებენ აიტისპეციალისტები, თუმცა ამ კანონის ეფექტურ მუშაობაში ეჭვი ეპარებათ. "თვითონ თამაში "ლურჯი ვეშაპი", საიდან მოდის ის ვერ დაუდგენიათ და როგორ აპირებენ ამის აკრძალვას?!. როგორც ჩანს, არ აწყობთ თორემ აქამდე აკრძალავდნენ უკვე რამდენი ხანია ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდა, კი შეიძლება მის აკრძალვა თუმცა მარტივი არ არის მისი დადგენა", - გვითხრა აიტისპეციალისტმა. ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის თქმით, კი ნებისმიერი თამაში, რომელიც ბავშვებში ნეგატიურ ემოციას აღძრავს, უნდა აიკრძალოს", - დასძენს გამოცემა.

"ნებისმიერი თამაში, რომელიც ბავშვში ნეგატიურ ემოციურ მდგომარებას აღძრავს, არის მიზანშეუწონელი. იმიტომ, რომ მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ თამაშების კონტროლირება და რეგულირება არის იმ სამსახურების საქმე, რომლებმაც უნდა მოახდინინონ დროული რეაგირება. მაგალითად, როგორც ადამიანების ღირსების შემლახველ ვიდეოებზე ახდენდნენ - მალევე შლიდნენ. ისევე ამ თამაშების ლიკვიდაციაზე უნდა იზრუნონ და მათზე კონტროლი უნდა აიღონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეა გოგოტიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს