„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი 8 კომპანიამ წარადგინა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, საჯაროდ გაიხსნა სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებულ წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოდგენილი შემოთავაზებები.

კორპორაციის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში შემოთავაზება წარმოადგინა 8 კომპანიამ. ის კომპანიები, რომლებიც გადალახავენ ზემოაღნიშნულ ეტაპს მონაწილეობას მიიღებენ ტენდერის შემდგომ საფეხურზე, სადაც წარმოადგენენ თავიანთ ტექნიკურ და ფინანსურ შემოთავაზებებს ტექნიკური დავალების შესაბამისად.

საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბურღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

გაზსაცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა