სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო

ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭოს ორი წევრი სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორის ეკა მინჯორაიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, მათ მერიიდან შესაბამისი შეთავაზება არ მიუღიათ. ეკა მინჯორაიას თქმით, ის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებისას ქალაქში არ იმყოფებოდა, თუმცა მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო.

„შესაძლო იყო, რომ დაერეკათ ან სხვა სახის კომუნიკაცია შემდგარიყო ჩვენ შორის. გაუგებრობაში ვარ. შემოთავაზება რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი, რადგან თითქმის, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე მრჩეველთა საბჭოში და მუნიციპალიტეტების გაერთიანების დროს დავტოვე. ვაპირებ, მერიაში გავარკვიო ეს საკითხი“,- ამბობს მინჯორაია.

სათათბირო ორგანოს ახალ შემადგენლობაში არ იქნება არჩილ თოდუაც. იგი ამბობს, რომ შეთანხმება ორმხრივი უნდა ყოფილიყო.

„მისასალმებელია, რომ მერმა ჩათვალა საჭიროდ ჩვენი წევრობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში, თუმცა ცხადია, კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო. ცხადია, ორგანიზაცია მზად არის გარკვეულწილად ითანამშრომლოს საბჭოსთან, მიაწოდოს რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური კვლევებიც ჩაატაროს იმისთვის, რომ საბჭომ ეფექტიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი წინადადებები შესთავაზოს მერს“, - აღნიშნა თოდუამ.

გარდა ამისა, კიდევ ორი წევრი აცხდებს, რომ აღნიშნულ საბჭოში მათი არჩევის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ თითეულ წევრს დაუკავშირდნენ და მათ საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. როგორც მერიის პრესამსახურში განმარტავენ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მათ ნდობა გამოუცხდა და შემდეგ დარჩებიან თუ არა საბჭოს შემადგენლობაში მათი გადასაწყვეტია.

„ყველას დავურეკეთ ეკა მინჯორაიას გარდა, როგორც ვიცი, ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, სხდომის შესახებ იცოდნენ, მაგრამ განემარტათ თუ არა მათ, რომ საბჭოს წევრებად ირჩევდნენ, არ ვიცი“, - განაცხადეს მერიის პრესამსახურში.

ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში 15 პირი შედის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს