ირინა მილორავა - ვიდრე კომპანიების საოპერაციო ხარჯების ანალიზს არ დავასრულებთ, სამომხმარებლო ტარიფზე საუბარი შეუძლებელია

ვიდრე კომპანიების საოპერაციო ხარჯების ანალიზს არ დავასრულებთ, სამომხმარებლო ტარიფზე საუბარი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მილორავა აცხადებს, ამ ეტაპისთვის კომისიას დაწყებული აქვს GWP-ის, „რუსთავის წყლისა“ და „მცხეთის წყლის“ საინვესტიციო გეგმების განხილვა, რასაც 18 დეკემბერს დაასრულებს.

მისივე განცხადებით, კომისია აპირებს განიხილოს „ენერგო -პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმაც.

„წყალმომარაგების კომპანიებთან, კონკრეტულად კი, GWP-სთან დაკავშირებით იყო შეკითხვები კონკრეტულ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ მივეცით გონივრული ვადა ორშაბათამდე იმისთვის, რომ დააზუსტონ ის ინფორმაცია, რაც კომისიამ მოითხოვა. ეს იყო სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის საინვესტიციო პროექტებში გამოყენებასთან დაკავშირებით. რამდენად მიზანშეწონილია ეს დანახარჯი აისახოს ერთი მხრივ, საინვესტიციო დანახარჯში და მეორე მხრივ, წინასწარ შეთანხმებულ ინვესტიციებში. ცალკე მიმდინარეობს საოპერაციო ხარჯების ანალიზი. როდესაც კომპანია აკეთებს ინვესტიციას, მან უნდა აჩვენოს ეკონომია საოპერაციო ხარჯებში. შესაბამისად, ვიდრე საოპერაციო ხარჯების ანალიზსაც არ დავასრულებთ წინასწარ სამომხმარებლო ტარიფზე საუბარი შეუძლებელი იქნება. რეალური ვითარება გამოჩნდება საოპერაციო ხარჯების სრული აუდიტის შემდეგ. ბუნებრივია, ყველა კომპანია ცდილობს მიიღოს მეტი შემოსავალი. იმისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მათი მოთხოვნების აუდიტი მოახდინოს და დაიყვანოს ეს ხარჯები გონივრულ დონემდე. გონივრული ზღვარი კი ნიშნავს ბალანსის დაცვას მომხმარებლის და კომპანიის ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის გარანტიას კი კომისია იძლევა", - განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ არის კავშირში სასმელი წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის გაზრდასთან.

"ზუსტად ამას ემსახურება საინვესტიციო გეგმები, რომ შემცირდეს სასმელი წყლის მიწოდების წყვეტა, რაც ამ ქალაქში პრობლემაა. სწორედ ამიტომ ვითანხმებთ ამ საინვესტიციო გეგმებს, რომ ვიცოდეთ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს სასმელი წყლის წყვეტასთან და მის შემცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირინა მილორავამ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, ის ცნობილი დეკემბრის ბოლომდე გახდება.

"ჩვენ პრაქტიკულად იმ ეტაპზე ვართ, რომ რამდენიმე კვირაც კი არ დარჩა სამომხმარებლო ტარიფების გამოცხადებამდე, ამიტომ პროგნოზების გაკეთების ნაცვლად დაველოდოთ კომისიის მიერ დათვლილ და დადგენილ ტარიფს", - აღნიშნა მილორავამ.

სემეკის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით განხილვები ხვალიდან დაიწყება.

"ჩვენ უკვე ვიწყებთ განხილვებს. ხვალ გვაქვს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფის განხილვა, მომდევნო კვირასაც გაგრძელდება განხილვები ჰიდროელექტრო და თბოელექტრო სადგურებთან დაკავშირებით, ასევე ქსელურ კომპანიებთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, ჩვენ უკვე თვის ბოლოსთვის გვექნება სურათი სამომხმარებლო ტარიფზე", - აღნიშნა მილორავამ.

ცნობისთვის, მიმდინარე ტარიფი დადგენილი არის 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის პირველი იანვრიდან კი ძალაში ახალი ტარიფი უნდა შევიდეს. ტარიფის გაანგარიშება, რომელიც ძალაში მომდევნო წლიდან შევა, სემეკის პრეროგატივაა და ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა