დავების საბჭოს წევრის არჩევნები გაიმართება

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები დღეს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საარჩევნო პროცესი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 12:00 საათზე დაიწყება.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.

შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების განხილვის საბჭოს წევრს, რომელიც აირჩევა 1 წლის ვადით. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს წევრად ინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საბჭოს წევრი მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.

საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან თანამდებობის პირს. საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 4-5-ჯერ. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.