გოკა გაბაშვილი - კალაძე არ დაესწრება ბიუჯეტის განხილვას საკრებულოში - მხოლოდ პიარი და ნაძვის ხის სლოგანებით მორთვა, კარგს ვერაფერს მოუტანს მას

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში არც ერთი საკითხი, რაზეც კახა კალაძის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო საუბარი, გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ დაესწრება, ისევე, როგორც ის არ დაესწრო საკრებულოში თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებას.

„კახა კალაძე არ დაესწრება თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას საკრებულოში. ბიუჯეტს თბილისის მთავრობის წევრები წარადგენენ. არსებული ბიუჯეტის პროექტი ნარმანიას შემუშავებული ბიუჯეტის პროექტისგან არსებითად არ განსხვავდება. ბიუჯეტში არც ერთი თეთრით არ არის გათვალისწინებული საპენსიო დანამატი, ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი საკითხი, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო საუბარი, მათ შორის კახა კალაძის მხრიდან, არც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე, არც ახალ ავტობუსებსა და სატრანსპორტო ქსელების განახლებაზე, არც ხაზების განტვირთვაზეა საუბარი, არც საბავშვო ბაღების პრობლემაზე, არც გადასახადების შემცირებაზე, რაც თბილისის ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა. ასე, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, გათვალისწინებული არ არის. ბუნებრივია, ამ ბიუჯეტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. მხოლოდ პიარი და ისიც ძალიან საეჭვო გემოვნების, როგორიც არის თბილისის საახალწლო ნაძვის ხის სლოგანებით მორთვა, ნაემდვილად ვერ მოუტანს ვერაფერს კარგს თბილისის მერს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე კრიტიკის გარეშე დაამტკიცებს.