სულხან სალაძე - ცვლილება, რასაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, მიუღებელია - კონსტუტუცია არ არის კანონი, რომელშიც შესწორებების შეტანა ერთ ღამეში შეიძლება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, კონსტიტუციის მე-18 მუხლში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.

როგორც საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნილი ცვლილება საჯარო ინფორმაციის ხელისაწვდომობას ბევრად გაართულებს.

„ზოგადად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ამ შემთხვევაში მე-18 მუხლში იმ ფორმით, რასაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, არის მიუღებელი. ერთი, რომ ეს პროცესები დაიწყო მიმდინარე კვირაში და უცებ ვიგებთ, რომ დამატებით შეაქვთ პირობები და ეს ნორმაც უნდა შეიცვალოს. ახლა ვიგებთ, ღამით შეკრებილან და გადაუწყვეტიათ, რომ ალტერნატიული შემოთავაზება იყოს. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ კონსტუტუცია არ არის იმ ტიპის კანონი, სადაც ერთ ღამეში შეიძლება ცვლილების შეტანა. მეორე მხრივ, ის შემოთავაზება, რაც ჩვენთვის ცნობილია, აბსოლუტურად მიუღებელია. ის აუარესებს არსებულ სტანდარტებს, დაბლა წევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ რეგულაციებს და ტოვებს ძალიან ბევრ საშუალებას იმისა, რომ ბუნდოვან პირობებში სახელმწიფოს სტრუქტურებმა და თვითმმართველობებმა ინფორმაციის გაცემა ბევრად უფრო პრობლემური გახადონ, ვიდრე დღემდე არის. ახლაც არის პრობლემები ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით და შემიძლია ღიად ვთქვა, თუკი ამ ფორმით იქნება მიღებული მე-18 მუხლი, კიდევ უფრო გართულდება ინფორმაციაზე წვდომა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

იცვლება ახალი რედაქციის კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს.

ამასთან დაკავშირებით განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდება: - ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

”გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები შედგა. შევჯერდით გარკვვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯარეოებას გამორიცხავს. ეს არის: - სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა