გიორგი კვირიკაშვილი - უნივერსიტეტი ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თსუ ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა.

”ჩვენ ვზეიმობთ თსუ-ს დაარსების 100 წლის იუბილეს და ვიწყებთ საიუბილეო ღონისძიებებს. როგორც 100 წლის წინ დაარსდა და წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს ჩვენ განვაახლებთ ამ იდეას და ვქმნით საზოგადოებას, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ. მე ამის დიდი იმედი მაქვს. თსუ ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა. ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ეს იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება ყოფნა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან ბევრი პიროვნება გაზარდა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანა, პიროვნებები, რომელთაგან თითოეული სახელი ჩვენ გეამაყება და ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, კიდევ არა ერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა პრემიერმა.

მანვე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.

”მინდა, ასევე სასიხარულო ამბავი გამცნოთ. სახელმწიფომ გადაწყვიტა, აღადგინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - თსუ-ს მეორე ეკორპუსი. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საიუბილეო ღონისძიებების დასაწყისს”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა