გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ვარკეთილის ზედა პლატოს #5-ში საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელიც შეიცვალა. ამ ეტაპზე კი საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, წყალარინების ქსელი ვარკეთილის მესამე მასივის, X კვარტლის, 23-ე კორპუსშიც შეიცვალა. უახლოეს პერიოდში კი სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახეთის ქ. # 23-შიც მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის მილი გადაიტანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.