ნინო გვენეტაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გვენეტაძემ დეტალურად გააცნო 2017 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და არსებული გამოწვევების თაობაზე ისაუბრა.

საუბრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერება, გამჭვირვალობა და მის საქმიანობაში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზურნველყოფა. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავის მოხსენებაში მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძობელობის საკანონმდებლო გარანტიებზე. აღნიშნა ასევე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გარდამავალი საკანონმდებლო დებულების დახვეწისა და კონკრეტიზაციის აუცილებლობა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პილოტურ რეჟიმში ამუშავებასა და წლის ბოლოს მისი სრულიად საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოების სისტემაში დანერგვაზე.

როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლოს თავმჯდომარემ თავის მოხსენებაში ასევე ისაუბრა, ახლად შექმნილი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტზეც, რომელსაც დღეის მონაცემებით განსახილველად გადაეცა 116 საჩივარი, აგრეთვე მოსამართლეთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების საკითხებზე, მიმდინარე წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარებული ტრენინგებისა და საბჭოსთან უფრო მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელების საკითხს. ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის დამატებით ახალი 28 სასამართლო დარბაზის მშენებლობის თაობაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაწეული მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ პროექტებში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება დონორი და საერთაშორისო ორგანზიაციების მხარდაჭერა, მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთა რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმიანობის 2018 წლის სამოქმედო გეგმაში.

შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს